გამოცემა Reuters-ის მიერ ნანახი საბუთების თანახმად, აშშ-ს მომწოდებლებმა წელს კუბის კერძო სექტორს დაახლოებით 30 000 ბარელი საწვავი მიაწოდეს, რაც გამოცემის ცნობით მიუთითებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა, კერძო ბიზნესს სახელმწიფო საწარმოებთან შედარებით უპირატესობა მიანიჭოს, წარმატებით სრულდება.
აშშ-მ იანვრიდან კუბას ნავთობის ბლოკადა დაუწესა, თუმცა გამონაკლისი დაუშვა ქვეყნის მცირე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კერძო სექტორისთვის.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს მანამდე ნათქვამი აქვს, რომ საწვავის ექსპორტის ავტორიზაცია ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო პოლიტიკას შეესაბამება, “რომელიც მთლიანად მიმართულია იმაზე, რომ კერძო სექტორი და რიგითი კუბელები – რომლებიც არ არიან დაკავშირებული მთავრობასთან, არ არიან დაკავშირებული სამხედროებთან – პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს.”
Reuters-ის ცნობით, თებერვლის დასაწყისიდან კერძო სექტორის მიერ იმპორტირებული საწვავის მოცულობა არის დაახლოებით 30,000 ბარელი, ანუ 4.8 მილიონი ლიტრი, რაც საშუალო ზომის ტანკერის საწვავის ავზის ტევადობის მეათედზე ოდნავ მეტს შეადგენს. ეს ქვეყნის საჭიროებების მხოლოდ მცირე ნაწილია.
კუბის ელექტროსადგურების მოსამარაგებლად და სატრანსპორტო საშუალებებისა და თვითმფრინავების რეგულარული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ცოტა ხნის წინ დღეში დაახლოებით 100 000 ბარელი იმპორტირებული საწვავი იყო საჭირო.
თუმცა, გამოცემის მიერ ნანახი საბუთების თანახმად, აშშ-ს გეგმა წინ მიიწევს და იმპორტირებული მოცულობები კვირიდან კვირამდე იზრდება.
Reuters-ის ინფორმაციით, საწვავის ახალმა ნაკადმა ზოგიერთ ბიზნესს საშუალება მისცა მუშაობა ბლოკადის მიუხედავად გაეგრძელებინათ.
გამოცემა იუწყება, რომ საწვავის ექსპორტი მკაცრი კონტროლის ქვეშაა. კერძო კომპანიები მკაცრ ზომებს იღბენ, რათა აშშ-ს პროგრამის განზრახვა არ დაირღვეს. მათივე ინფორმაციით, აშშ-ს და კუბის კერძო სექტორის შეთანხმების მიხედვით, საწვავის კომერციული ხელახალი გაყიდვა დაუშვებელია.
“თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კერძო სექტორი თამაშობს და ინფორმაციას რეჟიმს ან სამხედრო კომპანიას გადასცემს, თუ აღმოვაჩენთ, რომ მათ ეს ნივთებს ისე გადააქვთ, რომ არღვევენ ამ ნებართვების სულისკვეთებასა და ფარგლებს, ეს ლიცენზიები გაუქმდება,” – განაცხადა რუბიომ თებერვალში.
აშშ-ს მიერ ნავთობის ბლოკადის დაწესებიდან რამდენიმე კვირაში კუბაში ელექტროენერგია სრულიად გაითიშა. CNN-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროგადამცემმ ქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ კუბის ქსელის გათიშვის დროს მოქმედ ელექტრომოწყობილობებში არანაირი გაუმართაობა არ ყოფილა.
CNN-ის ცნობით, საწვავის ფასები იმდენად გაიზარდა, რომ არაოფიციალურ ბაზარზე ბენზინის ფასი ლიტრზე 9 დოლარამდე შეიძლება იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანის საწვავის ავზის შევსება 300 დოლარზე მეტი ჯდება, რაც კუბელების უმეტესობის წლიურ შემოსავალზე მეტია.
ცნობისთვის, 16 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის აღების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, კუბა დასასრულის წინაშეა. მთელი ჩემი ცხოვრება მესმოდა აშშ-სა და კუბაზე: როდის გააკეთებს აშშ ამას? მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი. ეს დიდი პატივია… კუბის აღება, დიახ. რაღაც ფორმით. კუბის აღება – გავათავისუფლებ მას, თუ ავიღებ. მგონია რასაც მინდა იმას გავუკეთებ. გინდათ სიმართლე გითხრათ? ახლა ძალიან დასუსტებული სახელმწიფოა. დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ. [ჰყავთ] ძალიან სასტიკი ლიდერები.” – თქვა ტრამპმა.
აქამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლებელი იყო “კუბის მეგობრული დაუფლება”.
აშშ-მ კუბაზე ზეწოლა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის შემდეგ გაზარდა. სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა კუნძულზე კრიზისის გამწვავება. კუბა დამოკიდებული იყო ვენესუელურ ნავთობზე. კუბელი ამერიკელი აქტივისტები, ცვლილების იმედით, ტრამპს ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებდნენ.