პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოქალაქეს მიწის ნაკვეთების ერთობლივად შეძენა შესთავაზა და რეალურ ღირებულებაზე მეტი გამოართვა, ასევე კომპანიის შესაძენად თანხა გამოართვა, რეალურად კი წილი გაუფორმა საწარმოში, რომელსაც ქონება და აქტივები არ გააჩნდა, რის შედეგადაც მის კუთვნილ 6 მილიონ ლარზე მეტს მოტყუებით დაეუფლა.
უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების ერთობლივი სახსრებით შეძენა შესთავაზა.
იგი დაზარალებულს შესაძენი ქონების რეალურ ფასზე გაცილებით მეტს ეუბნებოდა, გაზრდილი ფასის მითითებით ყალბ ცნობებს აწვდიდა, ხოლო სინამდვილეში ქონებას ბევრად ნაკლებ ფასში ყიდულობდა. დაზარალებულის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხებს კი მოტყუებით ეუფლებოდა.
ასევე, ბრალდებულმა თითქოსდა, მომგებიანი იურიდიული პირის და მისი აქტივების შესაძენად დაზარალებულს ეტაპობრივად დიდი ოდენობით თანხები გამოართვა, თუმცა რეალურად შეთანხმებული კომპანია არ შეუძენია და დაზარალებულს ფორმალურად გაუფორმა წილი მსგავსი სახელწოდებით ახალდაფუძნებულ საწარმოში, რომელსაც ქონებები და აქტივები არ გააჩნდა. აღნიშნული გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 6 102 153 ლარს”. – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.