2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება

განათლების სამინისტროს ცნობით, 2028-2029 სასაწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება. ამის მიზეზად ისინი მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეების მიერ სწავლის ერთდროულად დასრულებას ასახელებენ.
ცვლილებები შეეხება მაგისტრატურასაც.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ.
ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარირეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.
მე-11 კლასელებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ.” – ნათქამია განცხადებაში.
ნებაყოფლობითი მე-12 კლასი, სავალდებულო ფორმები, ტელეფონების აკრძალვა – ოცნების რეფორმა
რომელ ფაკულტეტზე მაქსიმუმ რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები – კვოტები
პარლამენტმა სასწავლო გრანტებისა და საუნივერსიტეტო ავტონომიის გაუქმებას მხარი დაუჭირა