NYT: ახლო აღმოსავლეთში საჰაერო-სადესანტო ძალების 2000-მდე სამხედროს გზავნის

აშშ-ს 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხედროები პოლონეთში გამართულ წვრთნებზე, 2022 წელი.The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონმა გასცა ბრძანება, ახლო აღმოსავლეთში გაგზავნონ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 2000-მდე სამხედო, რათა ტრამპის ადმნისტრაციას ჰქონდეს დამატებითი სამხედრო შესაძლებლობები ირანთან დიპლომატიური ინიციატივის განხილვის პარალელურად. ამის შესახებ NYT-თან პენტაგონის ანონიმურმა წარმომადგენლებმა ილაპარაკეს.
სამხედროებს გამოყოფენ დივიზიის დაუყოვნებელი რეაგირების ძალებიდან. ამ ბრიგადაში 3000-მდე სამხედრო შედის და შეუძლიათ 18 საათის განმავლობაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადასხდომა.
NYT-ის ცნობით, კონტინგენტში შედის დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ბრენდონ რ. ტეგტმეიერი, ასევე სარდლობის ათეულობით წარმომადგენელი და ორი ბატალიონი, თითო 800-მდე ჯარისკაცით. ამავე წყაროს თქმით, შესაძლოა მომავალ დღეებში ბრიგადიდან დამატებითი სამხედროებიც გაგზავნონ.
რეგიონისკენ უკვე მიემართება დაახლოებით 4500 საზღვაო ქვეითი. 2300-მდე საზღვაო ქვეითი 31-ე საექსპედიციო ქვედანაყოფიდან ახლო აღმოსავლეთს კვირის ბოლომდე მიაღწევენ. დაახლოებით ამავე რაოდენობის საზღვაო ქვეითები 11-ე საექსპედიციო ქვედანაყოფიდან დანიშნულების ადგილს აპრილის შუა რიცხვებში მიაღწევენ. მაშინ, როცა განიხილება ირანის ნავთობით ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ხარგის კუნძულის დაკავება, საზღვაო ქვეითები და მედესანტეები შესაძლოა ამ მისიისთვის გამოიყენონ.