REUTERS/Johanna Geron/File PhotoTV პირველის ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ წარდგენილი ტექსტი, რომელიც სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების – TV იმედის, POSTV-სა და რუსთავი 2-ის – სანქცირებას მოითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარები მოითხოვენ, რომ ეს შესწორება საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში შევიდეს.
23 მარტის საღამოს გამოშვებაში TV პირველში თქვეს, რომ შესწორების ტექსტი ევროპარლამენტში უკვე წარდგენილია და სხვა ევროპარლამენტარების მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში შესწორება საქართველოზე ანგარიშის საბოლოო ტექსტში შევა.
TV პირველის მიხედვით, ინიციატივის ავტორები კშიშტოფ ბრეიზა, მიხარ შჩერბა და ანდრეი ჰალიცკი არიან და ისინი სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიებს “რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში” სდებენ ბრალს და ევროკავშირის მხრიდან რეაგირებას ითხოვენ.
“უმკაცრესად გმობს ტელეკომპანიების “TV იმედის,” “რუსთავი 2”-ისა და “POSTV-ის” მიერ გავრცელებულ სისტემატურ დეზინფორმაციას, ცილისწამების კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც მოქმედებენ, როგორც “ქართული ოცნების” რეჟიმის ფაქტობრივი საკომუნიკაციო არხები და არა – როგორც დამოუკიდებელი მედია;
ხაზს უსვამს, რომ დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება, დიპლომატების წინააღმდეგ საზოგადოების წაქეზება დე ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრული განწყობის ორგანიზება არ შეიძლება ჩაითვალოს მედიის თავისუფლებით დაცულ კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკად, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს ავტორიტარული კონტროლის განმტკიცებასა და საქართველოს ევროპული გზიდან იზოლირებას.” – ციტირებს შესწორების ტექსტს TV პირველი.