პარასკევს, 20 მარტს, აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პენტაგონის პრესისთვის შემოღებული საშვების გაცემის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებს უსაფრთხოებისთვის რისკად გამოცხადების საფრთხე ემუქრებოდათ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საჯაროდ გავრცელებისთვის დაუშვებელი ინფორმაციის მოძიებას შეეცდებოდნენ.
ვაშინგტონის ოლქში მოსარჩელე მხარე, გამოცემა New York Times ამტკიცებდა, რომ გასულ წელს ომის დეპარატამენტის მიერ შემოღებულმა ახალმა პოლიტიკამ პენტაგონს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა იმ რეპორტიორებისა და გამოცემების გასაყრელად, რომელთა გაშუქებითაც დეპარტამენტი უკმაყოფილო იყო, რაც სიტყვის თავისუფლებაზე კონსტიტუციური უფლებებისა და კანონის შესაბამისი პროცესის დარღვევა იყო.
თავის მხრივ, მთავრობა უარყოფდა მსგავს დახასიათებას და აცხადებდა, რომ აღნიშნული პოლიტიკა გონივრული და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საჭირო იყო.
აშშ-ს ოლქის მოსამართლემ, პოლ ფრიდმანმა თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ აღიარებდა სამხედროებისა და საომარი გეგმების დაცვის მნიშვნელობას, თუმცა, მისი თქმით, “უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რომ საზოგადოებას ინფორმაციაზე წვდომა სხვადასხვა გადმოსახედიდან ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რას საქმიანობს მთავრობა.”
პენტაგონის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ მთავრობა არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში.