საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ადევნების ფაქტზე ბრალდებულისთვის გირაოს, 2000 ლარის შეფარდებასთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებს.
პროკურატურის განცხადებით, შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თერჯოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში საჯარო სკოლის მასწავლებელი 2 წლის განმავლობაში თავის კოლეგასთან დაჟინებით ცდილობდა სექსუალური კავშირის დამყარებას, მიუხედავად დაზარებულისგან არაერთხელ უარის მიღებისა. შედეგად, დაზარალებულს მოუწია ხანგრძლივი უხელფასო შვებულების აღება.
უწყების ცნობით, სკოლის პედაგოგს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია.
“პროკურატურამ ზესტაფონის რაიონულს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო – 2.000 ლარი შეუფარდა”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამავდროულად, პროკურატურა “მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით” მიმართავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რესურსცენტრს.