დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

ოპოზიციის ალიანსი ერთობლივი ბრიფინგით გამოეხმაურა პარტია დროას თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიასთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანების” გამო.
ალიანსის სახელით განცხადება გააკეთა, კოლიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, ელენე ხოშტარიას რეჟიმი სჯის იმის გამო, რომ “არამხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია”.
მისი განცხადებით, არ აპირებენ რეჟმთან დანებებას.
“საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს, ელენე ხოშტარიას დღეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ, პირდაპირ რომ ვთქვათ ივანიშვილმა. ისევე მიიღო გადაწყვეტილება დღეს გიორგი არევაძემ, როგორც დანაშაულის ჩადენა შესაძლებელი ფლომასტრით, რითაც ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და 6 თვე. არ გეჩვენებათ, ფლომასტრით ჩადენილი დანაშაულისთვის, პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღად არის აღიარებული.
სინამდვილეში, ცხადია, ეს მიზეზია, როგორც ფორმალური შემსრულებელია მოსამართლე არევაძე, ეს მას პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის, მაგრამ მაინც.
მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა არის ის თვისებები, რომლებიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც ყველას შეიძლება დაედოს “ბრალი” – ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ არ თმობს. იმისთვის, რომ ციხეშიც, გარეთ და ნებისმიერ ვითარებაში, არამხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია.
და დიახ, დღეს ფასი აქვს არა გულში მღერას მხოლოდ, არამედ ხმამაღლა საუბარსაც.
ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უკვე მერამდენე სიგნალს ქოცური ხელისუფლებიდან, სიგნალს იმისას, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად ქოცებისთვის, იმიტომ, რომ არ დავნებდებით. იმიტომ, რომ ჩვენი დანებება, ჩვენი ღრმა რწმენით, არის ჩვენი სამშობლოს მარცხი, და არ ვაპირებთ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის კომფორტის შექმნას – ეს ამად არ ღირს, ასე მიაჩნია ელენეს და ასე მიგვაჩნია ჩვენ, ასე მიაჩნიათ ქართველ პატრიოტებს, მიუხედავად იმისა ციხეშია თუ გარეთ, პოლიტიკოსია თუ არა, საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს ბრძოლა არის ერთიანი, ეს ბრძოლა გვაერთიანებს ყველა პატრიოტს, ვინც ვიცით, რომ პასუხისმგებლები ვართ ქვეყნის ისტორიის წინაშე”. – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ ალიანსის სახელით ასევე განაცხადა, რომ დანებების ხარჯზე “არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით”, რადგან ამ წუთას მთავარი ეგზისტენციალური საკითხი ქვეყნის გადარჩენაა. მისი განცხადებით, სურს პირდაპირ მიმართოს ივანიშვილის ხელისუფლებას:
“ეს ვითარება არ შეიცვლება, დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ ეს არ მოხდება. მეტიც, საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა/არ გადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად, ციხეში ვისხდებით თუ არა. ჩვენ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად მიგვაჩნია ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა. ამიტომაც ამის ხარჯზე არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით, მხოლოდ ამის სასარგებლოდ გადავდგამთ ნაბიჯებს. ნებისმიერი სხვა ტექსტი, მოწოდება, გაუგებარი მორალური ორიენტირის მქონე საუბრები ჩვენთვის მიუღებელია და ამ შემთხვევაში ალიანსის სახელით ვსაუბრობ და ამას ადგილი არ ექნება” – განაცხადა გვარამიამ.
მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ელენე ხოშტარიას ოჯახს, მის მშობლებსა და ოთხ შვილს, ასევე თავად ხოშტარიას.
“ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან” – განაცხადა გვარამიამ.
კალაძის ბანერის “დაზიანებისთვის” ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ, 24 მარტს გამოიტანა.
ელენე ხოშტარიამ საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარერა “რუსული ოცნება”. მას პროკურატურა “სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე” 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავებოდა.
პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.