კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები და ადმინისტრაცია მიმართავენ მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს, რათა შეწყვიტოს ნეტგაზეთის ჟურნალისტისა და მათი სტუდენტის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება. მარიამ ძიძარიას სასამართლო პროცესი 27 მარტს, 16 საათზეა ჩანიშნული.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, თორნიკე კაპანაძეს
კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გვსურს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მედიის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტ მარიამ ძიძარიას, რომელსაც შსს ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას იმ მომენტში, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას.
მასალები მიუთითებს, რომ შსს-ს მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების მომენტში მარიამ ძიძარიას ჰქონდა მედიის ყველა ამომცნობი ნიშანი – ვიზუალური მასალით დასტურდება, რომ ის იყო არა აქციის მონაწილე, არამედ – მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გამშუქებელი ჟურნალისტი.
მარიამი არის ძალიან კარგი სტუდენტი, მას ადმინისტრაცია და ლექტორები ვახასიათებთ, როგორც გამორჩეულ ახალგაზრდას. სტუდენტს, მაღალი მოსწრებისა და მისი ინტერესის გათვალისწინებით, გასულ წელს მიეცა რეკომენდაცია ჩვენს პარტნიორ მედიაორგანიზაცია – “ნეტგაზეთში” სტაჟირებისთვის. პროცესს მარიამმა წარმატებით გაართვა თავი და აღნიშნული მედიასაშუალების რეპორტიორი გახდა. სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციული წესით სასამართლოში დღეს ის სწორედ საკუთარი ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების გამო არის წარდგენილი. მიგვაჩნია, რომ თუკი მარიამ ძიძარია “გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის” მაინც დაისჯება, ეს შექმნის მძიმე პრეცედენტს არა მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის, არამედ ზოგადად, მედიისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუდენტის საქმეზე სასამართლო მიიღებს სამართლიან და კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას.” – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს 43 ლექტორი აწერს.
ნეტგაზეთის ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს “საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.” ამავე მუხლით არის დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას წინააღმდეგაც.
თსუ-ს ლექტორები სასამართლოს ტაბულას ჟურნალისტის საქმის შეწყვეტას სთხოვენ
რეჟიმის მიერ გასული წლის ოქტომბერში მიღებული კანონმდებლობით, “გზის ხელოვნურად გადაკეტვა” 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, განმეორებით შემთხვევაში კი – სისხლის სამართლის წესით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.