გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს

40 წლის შემდეგ უგანდის კიდეპოს ველის ეროვნულ პარკში მარტორქები დააბრუნეს. მარტორქები უგანდაში გადაშენებულად ითვლებოდნენ, მას შემდეგ რაც ისინი ბრაკონიერებმა დახოცეს.
უგანდის ველური ბუნების სამმართველოს ცნობით, რომელიც ცხოველების დაბრუნებაზეა პასუხისმგებელი, უგანდაში ბოლო მარტორქა 1983 წელს მოკლეს. და, აი, ახლა ორი მარტორქა კვლავ უგანდაშია. გეგმის მიხედვით, ადგილზე კიდევ 6 მარტორქა უნდა დააბრუნონ.
Reuters-ის ცნობით, მთლიანობაში უგანდაში 700-მდე მარტორქა მოკლეს. ამან უგანდას ველურ ბუნებაში სახეობის სრული გადაშენება გამოიწვია.
მარტორქას დაბრუნების პროცესი
ფოტო: Reuters
“ეს კიდეპოს ველის ეროვნული პარკისთვის ახალი ეტაპია. მარტორქა ჩვენთვის ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენდა და ის ახლა ჩვენთან ბრუნდება”, — აღნიშნა პარკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს მუსინგუზიმ.
კონსერვაციონისტებმა მარტორქებისთვის სპეციალური უსაფრთხო ადგილიც შექმნეს, რომელიც აღჭურვილია პერიმეტრის ღობით, მისასვლელი გზებით, ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებით, რეინჯერების ობიექტებით, წყლის სისტემებითა და მონიტორინგის ტექნოლოგიებით.
ამ ეტაპზე რაც ვიცით ისაა, რომ ორი მარტორქა ქვეყნის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სავანის უზარმაზარ ტერიტორიაზე Nakasongola-ს ფერმიდან გადაიყვანეს.
Nakasongola-ში მარტორქების მოშენება 2005 წლიდან ხდებოდა. 21 წლის წინ აქ კენიის ნაკრძალიდან ოთხი სამხრეთული თეთრი მარტორქა შემოიყვანეს.
უგანდაში ბრაკონიერობა ისევ პრობლემაა. სამართალდამცავები ცდილობენ ამ საკითხის გადაჭრას, მაგრამ ქვეყანაში კვლავ არსებობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ნადირობს.
უგანდაში მარტორქას რქის უკანონო გაყიდვა ჯერ კიდევ ძალიან მომგებიანია. ამის ფონზე სამხრეთული თეთრი მარტორქა გადაშენების პირასაა. 2020 წლის კვლევის მიხედვით, ამ სახეობის მხოლოდ 10 000 ინდივიდია დარჩენილი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.