უკრაინის პოლიციამ აღძრა მეორე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ.
პოლიციის განცხადებაში არესტოვიჩის სახელი არ არის ნახსენები. სააგენტო UNIAN იუწყება, რომ საქმე ეხება კონფლიქტს არესტოვიჩსა და უმაღლესი რადის დეპუტატ, ნატალია პიპას შორის. ზაფხულში პიპამ ოდესაში ერთ-ერთ მოზარდს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ლვოვის ქუჩაზე ვიქტორ ცოის სიმღერებს რუსულად ასრულებდა. მუსიკოსმა პიპას შეურაცხყოფით უპასუხა, რის შემდეგაც დეპუტატი ქალი პოლიციას დაუკავშირდა.
კონფლიქტის შემდეგ არესტოვიჩმა უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მიმართა და პიპა ეთნიკური სიძულვილის წახალისებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, დაახლოებით 30 დეპუტატმა მიმართა პოლიციას არესტოვიჩის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო.
მანამდე, არესტოვიჩის წინააღმდეგ საჩივრით პოლიციას ვერხოვნა რადის დეპუტატმა ინა სოვსუნმა მიმართა.
ამის მიზეზი იყო ვიდეო, რომელშიც ყოფილი მრჩეველი უარყოფითად საუბრობს ქალებზე.
სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ოლექსი არესტოვიჩი თავის „ფსიქოლოგიურ სემინარებზე“ არა მხოლოდ სექსიზმის პროპაგანდითაა დაკავებული, არამედ ქალებს უწოდებს „არსებებს“, რომელთა „დახრჩობა” სურს, კაცებს კი მიიჩნევს „ღმერთებად“ და „კერპებად“, რომლებიც უნდა განადიდო.
სოვსუნის თქმით, არესტოვიჩმა დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის გავრცელების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ყველა ბრალდება უარყო.
ბოლო მონაცემებით, არესტოვიჩი საზღვარგარეთ იმყოფება.
· უკრაინელი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი, ბლოგერი ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უშტატო მრჩეველი გახდა 2020 წლის დეკემბერში. არესტოვიჩმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთ მთავარ სპიკერად იქცა.
· 2023 წლის იანვარში არესტოვიჩმა მრჩევლის თანამდებობა დატოვა, რასაც წინ უძღოდა მისი სკანდალური განცხადება, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნეპრში მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს და დიდი მსხვერპლი გამოიწვია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.