“ოცნების” წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტებს პატრიარქის პანაშვიდზე დასწრება პროტოკოლით არ ეკუთვნოდათ. დეპუტატის თქმით, პროცესში მონაწილეობის შეზღუდვა სწორედ ამ წესით განისაზღვრა.
მისი თქმით, ტაძარში ყველა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის განთავსება შეუძლებელი იყო, ხოლო „გაერთიანებული საქართველო“ არ ნიშნავს პოლიტიკურ ერთიანობას, არამედ საერთო სახელმწიფო ინტერესებზე თანხვედრას.
მარგველაშვილი და ზურაბიშვილი საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ, იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, პროტოკოლის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და ა.შ. ყველანი იქ ვერ დაეტეოდნენ.
რაც შეეხება გაერთიანებულ საქართველოს, გაერთიანებული საქართველო არ ნიშნავს პოლიტიკურად გაერთიანებულ საქართველოს, ეს ნიშნავს სამშობლოს წინაშე, საელმწიფო ინტერესების წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე ერთიან პოზიციას, – ამბობს ლადო ბოჟაძე.
სამებისა და სიონის საკათედრო ტაძრებში ილია II-თან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ძირითადად „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტაძრების შიდა ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ისინი გარეთ, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
„პირველების“ ინფორმაციით, პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასასწრებად საშვი არაერთმა პოლიტიკოსმა ითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, ცერემონიაზე ვერ მოხვდნენ საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები.




