დაკავებული პოლიტიკოსის, პაატა მანჯგალაძის შვილი სახალხო დამცველის აპარატს სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. ნინი მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უდანაშაულოა და იმედს იტოვებს, რომ მამას მალე თავისუფლებაზე იხილავს.
მინდა, მადლობა გადავუხადო სახალხო დამცველის აპარატს მეგობრის მოსაზრებისთვის, მიუკერძოებელი ინსტიტუციის მიერ გაცემული დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მამაჩემს არანაირი სახის დანაშაული არ აქვს ჩადენილი და გულწრფელად იმედს ვიტოვებ, რომ მეგობრის მოსაზრების დახმარებით მამაჩემის სახლში დაბრუნება არც თუ ისე შორსაა და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამის მიხედვით იხელმძღვანელებს.
ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება იგივეა, რაც მანამდე მქონდა, მე ამ საქმის დაწყებიდანვე ვიცოდი, რომ მამაჩემს არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და იმედს ვიტოვებ, რომ არ მიიღებენ უსამართლო გადაწყეტილებას და ის იქნება გათავისუფლებული, – ამბობს ნინო მანჯგალაძე.
საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა – ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
ომბუდსმენის მიერ წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ პაატა მანჯგალაძის საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს.




