დავით ჩუთლაშვილი: პური, რომელიც სიკვდილად იქცა: როგორ მოამზადა რუსულმა იმპერიამ ჰოლოდომორი

ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი:
პური, რომელიც სიკვდილად იქცა: როგორ მოამზადა რუსულმა იმპერიამ ჰოლოდომორი
საბჭოთა რეჟიმისთვის საკვები იყო არა გადარჩენის საშუალება, არამედ პოლიტიკური იარაღი. ჰოლოდომორი არ დაწყებულა „ცუდი მოსავლით“, როგორც ამაზე რუსული პროპაგანდა საუბრობს — ის დაიწყო კაბინეტებში გამოცემული ბრძანებებით, რომელთა მიზანიც უკრაინელი ერის გატეხვა და დამორჩილება იყო.
ბევრს ჰგონია, რომ ჰოლოდომორი სტიქიური უბედურება იყო. სინამდვილეში, ეს გახლდათ სისტემური მკვლელობა, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.
1932 წლისთვის უკრაინელი გლეხი უკვე აღარ იყო თავისუფალი — მას წაართვეს მიწა, საქონელი და იძულებით კოლმეურნეობებში შერეკეს.
სანამ მასობრივი შიმშილობა დაიწყებოდა, რეჟიმმა გაანადგურა სოფლის ხერხემალი — შრომისმოყვარე, შეძლებული გლეხები, რომლებსაც ზიზღით „კულაკები“ უწოდეს.
მათ ართმევდნენ ყველაფერს და ციმბირში ასახლებდნენ.
შედეგად სოფელი დარჩა გამოცდილი მეურნეებისა და ლიდერების გარეშე.
დარჩნენ მხოლოდ დაშინებული ადამიანები, რომელთა მართვაც ადვილი იყო.
1932 წელს მოსკოვმა უკრაინას დაუწესა მარცვლეულის ჩაბარების ისეთი გეგმა, რომლის შესრულებაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო.
როდესაც გლეხებმა გეგმა ვერ შეასრულეს (რადგან პური ფიზიკურად არ ჰქონდათ), სოფლებში გაიგზავნა წითელი ბრიგადები.
ესენი იყვნენ НКВД-ს რაზმელები და გაბოროტებული კომუნისტი აქტივისტები, რომლებიც სახლში მიდიოდნენ გლეხთან და ართმევდნენ არამხოლოდ მარცვლეულს, არამედ ყველაფერს, რაც იჭმებოდა: კარტოფილს, ლობიოს, გამხმარ ხილს, ხორცს… მათ თან ჰქონდათ გრძელი რკინისწვერებიანი ჯოხები, რომლებითაც მიწას ჩიჩქნიდნენ, რომ სადმე დამალული ქოთანი არ გამოჰპარვოდათ.
🌾 „ხუთი თავთავის კანონი“ (1932 წლის 7 აგვისტო)
ეს იყო მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და აბსურდული კანონი.
აღნიშნული კანონის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრების (ანუ კოლმეურნეობის მინდვრის) ხელყოფისთვის სასჯელი იყო დახვრეტა.
ანუ, თუ მშიერი ბავშვი მინდორში გავიდოდა და მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილ რამდენიმე თავთავს აკრეფდა, მას ან ადგილზე კლავდნენ, ან 10 წლით გულაგში უშვებდნენ. ხალხი პურის ყანებთან ახლოს შიმშილით კვდებოდა.
🗝️ შავი დაფები და სოფელი-საპყრობილეები
თუ სოფელი გეგმას ვერ შეასრულებდა, მას ეგრეთ წოდებულ შავ დაფებზე აკრავდნენ. ეს ნიშნავდა სრულ ბლოკადას:
იკრძალებოდა როგორც სოფლიდან გამოსვლა, ასევე შესვლა. ჯარი იდგა ირგვლივ და ყველაფერს აკონტროლებდა.
მაღაზიები იკეტებოდა და საქონლის შეტანა წყდებოდა.
ეს იყო ნელი სიკვდილით დასჯა მთელი სოფლისთვის. ადამიანები იხოცებოდნენ თავიანთ სახლებში, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდათ.
სანამ უკრაინაში მილიონობით ადამიანი კვდებოდა, სტალინი დასავლეთს ეუბნებოდა, რომ სსრკ-ში ცხოვრება “უკეთესი და საამური” გახდა.
უცხოელ ჟურნალისტებს უკრძალავდნენ შიმშილობის ზონაში შესვლას. ვინც სიმართლეს წერდა, მას საბჭოთა აგენტები დევნიდნენ და ცილისმწამებლებს უსევდნენ, ბოლოს კი — კლავდნენ კიდეც (გავიხსენოთ თუნდაც გარეთ ჯონსის ისტორია, რომელზეც ერთ-ერთ სტატიაში ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ).
ჰოლოდომორი არ იყო „ეკონომიკური შეცდომა“. ეს იყო ხელოვნურად ორგანიზებული შიმშილი, რათა უკრაინელებს დაეკარგათ დამოუკიდებლობის ამბიცია.
სტალინმა იცოდა: მშიერი ადამიანი მხოლოდ პურზე ფიქრობს და არა თავისუფლებაზე.
დღეს პუტინი უკრაინაში იგივე მეთოდებს იყენებს — პორტების ბლოკადა, ხორბლის მოპარვა და ენერგეტიკული ტერორი. ეს არის იგივე НКВД-ს სახელმძღვანელო, ოღონდ — 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ ცეცხლაძე: არ უცდია, თავისი პოპულარობის, ცნობადობის თუ ნაცნობობის მეშვეობით მარტივად მიახლებოდა, ჩათვალა ჩვენთან – უბრალო მოკვდავებთან ერთად, 7 საათის განმავლობაში მდგარიყო ცოცხალ რიგში

თინათინ სტამბოლიშვილი: ამ რწმენით და ამ ერთიანობის შემყურე, თავისი თავის პატივისიმცემელი და თავდაჯერებული ხელისუფალი თუნდაც სიმბოლურად დაიყენებდა გვერდში რომელიმე, თუნდაც ერთ ყოფილ პრეზიდენტს…