რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა, სესხების ნაწილი გაიაფდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 31 იანვარს, რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-ს პროცენტს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ყველა იმ პირს, ვისი სესხიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული (დაახლოებით 180 ათასს სასესხო ხელშეკრულებაზე), სესხის პროცენტი გაუიაფდება.
როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი სხდომის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეამცირა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, რაც საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს. ეროვნული ბანკის შეფასებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მის ირგვლივ დასტაბილურდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პრე-პანდემიური ტრენდიდან მშპ-ის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. თუმცა, შესაძლოა, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე წნეხი წარმოიქმნას, თუკი ერთობლივი მოთხოვნა ეკონომიკის საწარმოო პოტენციალზე სწრაფად გაიზრდება, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც საკრედიტო აქტივობის დაჩქარება შეიძლება იყოს.
„აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაში განხილვისა და ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს. შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს“, — განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.