თბილისის მერიამ გასცა დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებით

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, მარშალ გელოვანის და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება. ამასთან, თბილისის მერიამ გასცა დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი” წერს.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის კონცეფციაზე მუშაობაც.
„როგორც იცით, „რამბოლის“ დოკუმენტში მითითებულია, რომ თითოეული ღონისძიების, მათ შორის, დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევა და გავლენების ანალიზია პირველ რიგში ჩასატარებელი. თბილისის მერიამ ასეთი დავალება უკვე გასცა. ამ და სხვა ღონისძიებების მიზანშეწონილობის კვლევა და გავლენების ანალიზი უნდა ჩატარდეს დროში გაწერილი გეგმის შესაბამისად და შემდგომში იქნება მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები.
ზემოთ ხსენებული პროექტების გარდა, ძირითადი რეკომენდაციებიდან რამდენიმეზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი მეტროს შერჩეული სადგურების რეაბილიტაციის და მისაწვდომობის გაუმჯობესების (მათ შორის მეორე ამოსასვლელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებით) პროექტი. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნებზე გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის კონცეფციაზე მუშაობა. პარალელურად, მიმდინარეა საავტობუსო ქსელის რესტრუქტურიზაცია და გამართვა, რომელიც დროში გაწერილი პროცესია და ბევრ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული როგორიცაა – საავტობუსო პარკის განახლება, 18-მეტრიანი ავტობუსების დამატება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ადამიანური რესურსები“, – აღნიშნავენ მერიაში.
წყარო: ipn