მეუფე ზენონ (იარაჯული) უკრაინელ მორწმუნეებს საპატიო პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

მეუფე ზენონ იარაჯული სამძიმარს უცხადებს უკრაინელ მორწმუნეებს საპატიო პატრიარქის გარდაცვალების გამო. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარ-ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფილარეტის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგი იქნება მრევლისთვის.

უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურისთვის, ეპიფანესთვის  გაგზავნილ წერილში, ზენონ იარაჯული მადლობას  უხდის უკრაინელ მღვდელმთავრებს, კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოხატული თანაგრძნობის გამო.

ამ დღეებში, როდესაც სრულიად საქართველო გლოვობს ნეტარხსენებული პატრიარქის, ილიას გარდაცვალებას, ჩვენი მწუხარება კიდევ უფრო გაღრმავდა  – წერს მთავარეპისკოპოსი.

მის უნეტარესობას,
უნეტარეს ეპიფანეს,
მიტროპოლიტს კიევისა და სრულიად უკრაინისა,
უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს
თქვენო უნეტარესობავ,
მივიღეთ სამწუხარო ცნობა მისი უწმიდესობის, უწმიდესი ფილარეტის, კიევისა და სრულიად უკრაინის საპატიო პატრიარქის გარდაცვალების შესახებ.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება.
ამასთანავე, გულითადად გმადლობთ თქვენი უნეტარესობის მიერ გამოხატული თანაგრძნობისათვის, ნეტარხსენებული უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილიას გარდაცვალების გამო, რაც ჩვენთვის დიდ ნუგეშად იქცა ამ მძიმე დღეებში.
უწმიდესი პატრიარქი ფილარეტი, ისევე როგორც უწმიდესი პატრიარქი ილია, განსაკუთრებული და ეპოქალური მოღვაწენი იყვნენ უკრაინისა და საქართველოს უახლეს ისტორიაში. მათ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნეს ეკლესიისა და ერის მსახურებას, და ეს ღვაწლი სამარადისოდ დარჩება ჩვენი და მომავალი თაობების სულიერ მეხსიერებაში.
ამ დღეებში, როდესაც სრულიად საქართველო გლოვობს ნეტარხსენებული პატრიარქის, ილიას გარდაცვალებას, ჩვენი მწუხარება კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს თანადროული დანაკარგი გვაფიქრებს ღვთის განუსაზღვრელ სიბრძნესა და სიყვარულზე – „როდესაც მოიწია დროის სისრულე…“ (გალ. 4, 4). და ეს ჟამის სისრულე, ეს დრო საქართველოსა და უკრაინისათვის დადგა ერთად.
ეს არის ჩვენი რწმენის საიდუმლო, რომ მწუხარება გარდაიქმნება კურთხევად. ვესავთ ქრისტეს აღდგომის ნათელს, რომელშიც სიკვდილი აღარ არის დასასრული, არამედ მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა.
გვჯერა, რომ პატრიარქ ფილარეტის სულიერი მემკვიდრეობა კვლავ გამოიღებს კეთილ და კურთხეულ ნაყოფს, ხოლო ეკლესიის ცხოვრება განუწყვეტლივ გაგრძელდება მისი მოღვაწეობის მემკვიდრეობით.
ღმერთმა დალოცოს მისი უწმიდესობის, პატრიარქ ფილარეტის სული და დააწესოს იგი ადგილსა მას, სადაცა მართალნი განისვენებენ, ამინ!
ზენონი
მთავარეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა
2026 წლის 20 მარტი
საქართველო, ქ. დმანისი”- წერს მეუფე ზენონ იარაჯული. 

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გუშინ, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.