უნგრეთის არჩევნებზე ეუთოს მისიას კოორდინაციას პუტინის ყოფილი თარჯიმანი უწევს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიას კოორდინაციას ვლადიმერ პუტინის ყოფილი თარჯიმანი, დარია ბოიარსკაია უწევს.
ეს ხდება იმ ფონზე, როცა ვრცელდება ინფორმაცია უნგრეთში დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებში რუსეთის მხრიდან შესაძლო ჩარევაზე. არსებობს მრავალი ბრალდება იმის შესახებ, რომ სხვადასხვა რესურსს იყენებს უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გამარჯვების შანსების გასაზრდელად.
იმის გამო, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში  რუსეთის პრეზიდენტის თარჯიმანი საკვანძო თანამდებობაზე დანიშნეს, შეშფოთება გამოთქვეს უნგრელმა უფლებადამცველებმა.
დარია ბოიარსკაია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და თარგმნიდა მრავალ მაღალი დონის შეხვედრას, მათ შორის პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის, ამჟამად არის ვენაში ბაზირებული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE-PA) უფროსი მრჩეველი. იგი კოორდინაციას უწევს მისიას, რომელიც მომავალ თვეში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
თავის მხრივ, ვიქტორ ორბანს დაძაბული ურთიერთობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიასთან.  ბოლო გამოსვლებში ორბანმა მათ „მწერები“ უწოდა, რომლებიც „გასუფთავებას“ ან „განადგურებას“ საჭიროებენ.
ამ ფონზე, ასევე ორბანსა და მოსკოვს შორის მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, ზოგიერთს აშფოთებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება იმ პირისთვის, რომელსაც კრემლთან აშკარა კავშირები ჰქონდა. ბოიარსკაიამ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები მომავალ კვირას ბუდაპეშტში დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, რათა მათ უნგრეთის პოლიტიკურ ლანდშაფტთან დაკავშირებული წუხილები გაეზიარებინათ.
„ასეთი შეხვედრები ხშირად მოიცავს მაღალი სენსიტიურობის მქონე ინფორმაციის გაცვლას პოლიტიკური ზეწოლის, საარჩევნო მანიპულაციის რისკებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც უფლებადამცველები და ჟურნალისტები აწყდებიან“, — წერს უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტის თანათავმჯდომარე მარტა პარდავი წერილში, რომელიც მან ამ თვის დასაწყისში ეუთოს სხვადასხვა მაღალჩინოსანს გაუგზავნა და რომელსაც  გამოცემა The Guardian გაეცნო.
პარდავის თქმით, იმის მიუხედავად, ინარჩუნებს თუ არა ბოიარსკაია კავშირს რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან, „მხოლოდ იმის აღქმაც კი, რომ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება მავნე გარე აქტორებს ჰქონდეთ“, უფლებადამცველებს თავისუფლად საუბარში ხელს შეუშლის.
აქედან გამომდინარე, პარდავიმ მოითხოვა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილოს ბოიარსკაიას დაუყოვნებლივ ჩამოცილება უნგრეთის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებული ყველა დავალებიდან და უზრუნველყოს, რომ მას მომავალში არ ჰქონდეს წვდომა არჩევნებთან დაკავშირებულ სენსიტიურ ინფორმაციასა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
საპასუხო წერილში, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი გახდა The Guardian-ისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იტალიელმა გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ განაცხადა, რომ პარდავის წერილს „ცილისმწამებლური ხასიათი“ ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ ბოიარსკაია უნგრეთის მისიაში მონაწილეობისთვის პირადად შეარჩია და რომ ის მისი „სრული ნდობით“ სარგებლობს.
მონტელამ მიანიშნა, რომ 2023 წელს გარე აუდიტმა შეამოწმა ბოიარსკაიას საქმიანობა და დადო „ცალსახა“ დასკვნა, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები საფუძველს მოკლებული იყო.
საპარლამენტო უნგრეთში 12 აპრილსაა დაგეგმილი.
უნგრეთში გამოქვეყნებული ბოლო გამოკითხვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ 11%-ით უსწრებს მისი მთავარი კონკურენტის, პიტერ მადიარის პოლიტიკური გაერთიანება „ტისა“.
კერძოდ, უახლესი კვლევის მიხედვით, „ტისას“ მხარს 42% უჭერს, „ფიდესს“ კი – 31%. ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდია გადაწყვეტილ ამომრჩეველს შორის და აქ მადიარი ორბანს 20%-ით უსწრებს. ანუ იმ ამომრჩევლებიდან, რომლებსაც უკვე მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია იმის შესახებ, თუ ვის მისცემენ ხმას არჩევნებში, 55% ამბობს, რომ მხარს ოპოზიციურ პარტია „ტისას“ უჭერს, მმართველი ძალას – 35% .
ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, ოპოზიციური „ტისას“ მხარდამჭერთა თითქმის სრული უმრავლესობა (97%) აცხადებს, რომ აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. ეს მაჩვენებელი „ფიდესის“ მხარდამჭერთა შემთხვევაში 85% არის.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პოლიტტექნოლოგთა ჯგუფსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა დაავალა, რათა ვიქტორ ორბანის გამარჯვება უზრუნველყონ.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კრემლის გეგმა ითვალისწინებს, ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოში ჩანერგოს სოციალური მედიით მანიპულაციის რუსი ექსპერტები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტებით.
ორბანის პარტიას მისი მთავარი კონკურენტი 11%-ით უსწრებს – კვლევა
პუტინმა ორბანის გასამარჯვებლად არჩევნებში ჩარევა პოლიტტექნოლოგთა ჯგუფს დაავალა – ჟურნალისტური გამოძიება

ასევე დაგაინტერესებთ