„ფეროშენადნობთა სექტორში მთელი საწარმოო სიმძლავრეების 50% გაჩერებულია“ – მერაბ ლომინაძე

„ფეროშენადნობთა სექტორში მთელი საწარმოო სიმძლავრეების 50% გაჩერებულია“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „თრეიდინგ სოლუშენსის“ თანადამფუძნებელმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოსავალი იაფ ელექტრო ენერგიაზე წვდომა და გაიაფებული სატრანსპორტო ხარჯები იქნება. ამ შემთხვევაში საწარმოების ამოქმედებას შეძლებენ.
„ფეროშენადნობთა დარგში, ძირითადი ხარჯი, დაახლოებით 28-30% გახლავთ ელექტროენერგია. სხვა კომპონენტის შემცირებით იმხელა ეფექტს ვერ მივიღებთ, თუმცა, ეფექტი სახეზე იქნება. იქნება ეს სარკინიგზო გადაზიდვები, რაზედაც ხელი გვეწაფება, როგორც სახელმწიფომ მივიღოთ გადაწყვეტილება და შესაძლებელია, რომ მათ გარკვეული სპეც-ტარიფები მისცენ ამ კომპანიებს. ისევ და ისევ ვიმეორებ, ძირითად ეფექტი მაინც ელექტროენერგიას ექნება.
შეგვიძლია რომ დღეს დამატებითი ხელშეწყობის შემთხვევაში ავამოქმედოთ ის საწარმოები რომლებიც გვაქვს – იაფი ელექტრო ენერგიით, გაიაფებული სატრანსპორტო ხარჯებით და სახელმწიფოს პრეროგატივად დავტოვებდი იმას, რომ ფისკალური ვალდებულებების გადავადება მოხდეს და სხვა შეღავათების მიეცეს საწარმოებს საგადასახადო ნაწილში“, – აცხადებს მერაბ ლომინაძე.
მისი თქმით, ამ გაზაფხულს სექტორი მომზადებული უნდა შეხვდეს და მსხვილმა და პატარა ქარხნებმა სრული დატვირთვით უნდა დაიწყონ მუშაობა.
„ამ გაზაფხულს უნდა შევხვდეთ ძალიან მომზადებულები, ანუ ზესტაფონის ფეროშენადნობთა სრული დატვირთვით უნდა მუშაობდეს, სხვა პატარა ქარხნებიც სრული დატვირთვით უნდა მუშაობდნენ, უნდა ქმნიდნენ დოვლათს, რომელიც გავა ექსპორტზე. ვერც მინერალური წყლები და ვერც ღვინო ახლოშიც ვერ მოვა მძიმე მრეწველობასთან, რომელიც რეალურად ასულდგმულებს და რეალურად შემოაქვს უცხოური ვალუტა ქვეყანაში, რომელიც არის ექსპორტის ფლაგმანი“, – ამბობს მერაბ ლომინაძე.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ფეროშენადნობების ექსპორტი 180 მლნ$-დე შემცირდა, რაც წლიურად 60%-მდე კლებაა. ფეროშენადნობები ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო საქონელია საქართველოსთვის, თუმცა, ბოლო პერიოდში ჩანს კრიზისული მდგომარეობა. ფასები შემცირებისკენაა წასული, რის გამოც ადგილზე კომპანიებს მოუწიათ გადაეხედათ სიმძლავრეებისთვის.