გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ნიდერლანდებმა 19 მარტს განაცხადეს, რომ “მზად არიან, წვლილი შეიტანონ შესაბამის ძალისხმევაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო მოძრაობა.”
ხსენებულმა ქვეყნებმა “მტკიცედ დაგმეს” სპარსეთის ყურეში “შეუიარაღებელ სავაჭრო ხომალდებზე ირანის მხრიდან ბოლო იერიშები” და აღნიშნეს, რომ “მიესალმებიან იმ ქვეყნების მზადყოფნას, რომლებიც ჩართულნი არიან მოსამზადებელ დაგეგმვაში”.
თუმცა, მოგვიანებით იტალიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა განმარტეს, რომ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა დაუყოვნებლივ სამხედრო დახმარებაზე, არამედ – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ პოტენციურ მრავალმხრივ ინიციატივაზე.
ირანმა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მრავალ ქვეყანას ნავთობი და გაზი მიეწოდება, ფაქტობრივად ჩაკეტა – ისინი თავს ესხმიან სავაჭრო გემებს. შექმნილი კრიზისის ფონზე კი იზრდება ნავთობის ფასები.
ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, 12 მარტს წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო და განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გააგრძელებს. 11 მარტიდან მოყოლებული სპარსეთის ყურეში დაახლოებით 20-მდე გემს დაესხნენ თავს.
Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, მშვიდობიანობის დროს ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.
თუმცა, გემებზე თავდასხმების მიუხედავად, რის გამოც ყოველდღიური გადაადგილება დაახლოებით 95%-ით არის შემცირებული, BBC-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ომის დაწყებიდან ჰორმუზის სრუტე 100-მდე გემმა გაიარა.
გამოცემის მონაცემებით, ომამდე სრუტის გავლით ყოველ დღე 138 გემი გადაადგილდებოდა, ხოლო მარტის თვეში ეს რიცხვი საშუალოდ დღეში 5-6 ხომალდამდე შემცირდა. მონაცემები აჩვენებს, რომ სრუტის გავლით გადაადგილებული გემების მესამედი ირანთან იყო კავშირში, კიდევ ცხრა გემის მფლობელ კომპანიებს ჩინური მისამართები ჰქონდათ, ხოლო ექვსი გემის საბოლოო დანიშნულების ადგილად ინდოეთი იყო მითითებული.
ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ირანის პორტებში გაჩერდა რამდენიმე არაირანული გემიც, მათ შორის, ბერძნული კომპანიების მფლობელობაში არსებული ხომალდებიც.