მამა იოვანე: 12 საათზე ველოდებით მსოფლიო პატრიარქს – ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილისამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის თქმით, კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაკრძალვაზე მსახურება დაიწყება დილით, 9 საათზე. ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში დაახლოებით 12 საათზე მივა და მღდველმთავრებთან ერთად აუგებს წესს.
“კვირის მსახურება დაიწყება დილით 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად. […]
შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწეებისა, უწმინდესის შესახებ. უკვე შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება”. – განაცხადა არქიმანდრიტმა.
მისივე თქმით, დაკრძალვის დღეს გარკვეული შეზღუდვები იქნება ტაძარში შესვლასთან დაკავშირებით. სამებაში მღვდელმთავრები შეზღუდული რაოდენობით იქნებიან, დაიშვებიან მხოლოდ საშვებით. მრევლი, სავარაუდოდ, ეზოში შეიკრიბება.
“ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია, სამებიდან სიონის ტაძრამდე. […]
სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და [ტაძარში] შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით” – განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
ტაბულას ინფორმაციით, -ის დაკრძალვაზე ბართლომეოსი ჩამოვა
როგორც საქართველოს საპატრიარქომ რადიო თავისუფლებას განუცხადა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი თბილისში ჩამოვა, თუმცა ის წირვას არ აღასრულეს. ტაბულას ინფორმაციით ბართლომეოსს საქართველოს საპატრიარქომ მხოლოდ არალიტურგიული მსახურება შესთავაზა.
როგორც ტაბულა 18 მარტს წყაროებზე დაყრდნობით წერდა: “მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი რუსული დელეგაციებისთვის პრობლემაა. მოსკოვმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან, შესაბამისად, წირვაზე მასთან ერთად ვერ დადგება (ჩამოსვლის მიუხედავად)”.
ტაბულა არ წერდა, რომ პატრიარქი ბართლომეოსი ლიტურგიას გაუძღვებოდა, ჩვენ ვწერდით, რომ ერთობლივი წირვა რუსული დელეგაციისთვის პრობლემა იქნებოდა.
არ წერდა სწორედ იმიტომ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ფორმალური წერილი და შეთავაზება ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში ჯერ არ ჰქონდა მიღებული. ტაბულას ინფორმაციით მსოფლიო პატრიარქს წირვის აღსრულების სურვილი ჰქონდა.