რუსეთში იუწყებიან, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინტერნეტზე შეზღუდვამ ცენტრალურ ქალაქებამდე, მოსკოვამდე და სანქტ-პეტერბურგამდეც მიაღწია.
გამოცემა Reuters-ს ამ რეგიონში მომუშავე რეპორტიორები და რუსეთში მყოფი დიპლომატები უდასტურებენ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, მობილური ინტერნეტი სრულიად გაითიშა მოსკოვის ცენტრის, სანქტ-პეტერბურგის და სხვა მსხვილი ქალაქების ნაწილებში.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა Reuters-ს განუცხადა, რომ “ამ ზომების მიღება მიმდინარეობს.”
“ეს ნაწილობრივ ეხება იმას, რომ არაერთი უცხოური კომპანია უარს ამბობს რუსეთის კანონმდებლობის ნორმების დაცვაზე და ნაწილობრივ – უსაფრთხოების ზომებს, უკრაინული დრონების საფრთხის საწინააღმდეგოდ.”
დრონებს ნავიგაციის გასაუმჯობესებლად მობილური ქსელების გამოყენება შეუძლიათ.
გამოცემას დიპლომატები ეუბნებიან, რომ ონლაინ კონტროლის გაძლიერების უფრო ფართო მიზანი უკრაინასთან ომის კონტექსტში კრემლის შიდა კონტროლის გამყარებაა.
ცნობისთვის, ამჟამად მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსკომნადზორი) რუსეთის ტერიტორიაზე Telegram-ს სრულიად ბლოკავს და მოქალაქეების სამთავრობო მესენჯერ აპლიკაციაზე, MAX-ზე გადაყვანას ცდილობს.
რუსეთში მესენჯერ აპლიკაციებზე შეზღუდვების დაწესების მცდელობები არაერთხელ ყოფილა. 2025 წლის ოქტომბერში რუსეთმა დროებით შეზღუდა Telegram-სა და WhatsApp-ზე ახალი რეგისტრაციები, მანამდე კი მომხმარებლები ჩიოდნენ აპლიკაციებზე წვდომის პრობლემებზე.
როსკომნადზორი ადრე აცხადებდა, რომ მსგავსი შეზღუდვები “კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლის” მიზნით შემოიღეს. WhatsApp-ის შემთხვევაში ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ აპლიკაცია ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენებოდა.