„ნავთობის შესყიდვისას ბრიტანელი და შვეიცარიელი იურისტების დასკვნებს ვიყენებთ“ – ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა (BMG)

“[ნავთობის შესყიდვისას] ბრიტანულ და შვეიცარიულ იურიდიულ ფირმებში ვიღებთ ეგრეთ წოდებულ იურიდიულ მოსაზრებას და დასკვნას”, – აღნიშნავს კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმის” (BSP), დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დავით ფოცხვერია საერთაშორისო სანქციების მოთხოვნის დაცვასთან დაკავშირებით. დავით ფოცხვერია BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ოპერირების, განხორციელებული ინვესტიციის, კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების, სამომავლო გეგმებისა და საერთაშორისო სანქციების დაცვისთვის BSP-ში არსებული სისტემის შესახებ. საქართველოში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტი $600-მილიონიანი ინვესტიციით ხორციელდება და მისი პირველი ფაზის ბიუჯეტი 150 მილიონ დოლარამდეა, აღნიშნულის შედეგად 1.2 მილიონი ტონის წლიური წარმადობის ქარხანა მოეწყო, რომელიც ნაფტას, მაზუთს და დიზელის წარმოებისთვის საჭირო ნახევარფაბრიკატს აწარმოებს, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ევრო5-ის მარკის ბენზინის, საავიაციო საწვავის და ევროდიზელის წარმოება შეეძლება, წლიური წარმადობა კი 4.5 მილიონი ტონა იქნება.ქარხანა, ჯერჯერობით, იმპორტისთვის რუსულ ნედლ ნავთობს იყენებს, რომლის შესყიდვებიც -ის, ევროკავშირის, ბრიტანეთის და სხვა საერთაშორისო სანქციების ფარგლებში მკაცრად რეგულირებულია, რაც როგორც მწარმოებელ, ასევე მისი ტრანსპორტირებით დაკავებულ კომპანიებს და ფიზიკურ ხომალდებს უკავშირდება, რომლითაც ნედლეულის გადატანა ხდება. ასევე სანქცია ეხება შესყიდვის ფასს, რაც დასაშვებს ხდის რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას, თუკი შესყიდვის ფასი საბაზრო ფასზე 15%-ით ნაკლებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, BSP-ის გენერალური დირექტორი დავით ფოცხვერია აცხადებს, რომ თითოეული შესყიდვის პროცესში მათ ჩართული ჰყავთ ბრიტანელი და შვეიცარიელი იურისტები და მხოლოდ მათი დასკვნის საფუძველზე ახდენენ შესყიდვებს. ამასთან, როგორც ფოცხვერია აღნიშნავს, თუკი რომელიმე ჯერზე მოხდებოდა დარღვევა, სანქცირებული ხომალდით ან სანქცირებულ პროდუქტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არც შემოსავლების სამსახური არ შემოუშვებდა და არც “სოკარი”, რომლის ყულევის ნავთობტერმინალის გავლითაც BSP-ის ქარხანას ნედლი ნავთობი მიეწოდება. კომპანია ნავთობის მიღების დაწყებას თურქმენეთიდანაც გეგმავს, თუმცა ამ ქვეყნიდან მოწოდებების დაწყება დავით ფოცხვერიას განცხადებით ჭიანურდება, ასევე იგეგმება ყაზახური ნავთობის იმპორტის დაწყებაც.”იქამდე, სანამ ავზებში ნედლეულს მივიღებთ, საბაჟო და შემოსავლების სამსახურიდან დაწყებული ეს ნედლეული გადის ბევრი გზის შემოწმებას – როგორც ნედლეულის წარმოშობა, ისე სავაჭრო ჯაჭვები, ტრანსპორტირების და ეს ლოგისტიკური მომწოდებლები და ამ ლოგისტიკის სერვისის გამწევი კომპანიები – მთელი მდგენელები მოიკვლევა.შემდეგ, ამ საკითხში ასე ვთქვათ, ჭიშკრად შეგვიძლია “სოკარის” ტერმინალი აღვიქვათ. როგორც მოგეხსენებათ და როგორც მაყურებლისთვის ცნობილია, ფიზიკურად ჩვენამდე შემოსვლა, ასე ვთქვათ, ნედლეულის და პროდუქციის გასვლა სწორედ სოკარის ტერმინალიდან ხდება. შესაბამისად, “სოკარის” ტერმინალს თავის მხრივ უკვე აქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომ სასანქციო რეგულაციები არ დაირღვეს, იქნება ეს საერთაშორისო – ამერიკის, ევროკავშირის, ბრიტანეთის თუ სხვა.და ამ ყველაფერს დამატებით ვიტყვი იმას, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იქნებოდა, რომ ასე ვთქვათ, სანქციები არ დაირღვეს. ამასთან, ჩვენ გვაქვს ჩვენი KYC სისტემები — „იცნობდე შენს მომხმარებელს“, როგორც უწოდებენ სისტემებს, რომლებშიც გაწევრიანებული ვართ, ასე ვთქვათ, საწევრო გადასახადს ვიხდით და ამ ინფორმაციულ ბაზაზე ვართ დაერთებული.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ბრიტანულ და შვეიცარიულ იურიდიულ ფირმებთან ვთანამშრომლობთ შესაბამისი სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებების (Legal Opinion) მოსაპოვებლად.აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ბრიტანელ პარტნიორს ამგვარი შეფასების გაცემის ლიცენზია უშუალოდ [დიდი ბრიტანეთის] ფინანსთა სამინისტროსგან აქვს მინიჭებული“, – აღნიშნავს დავით ფოცხვერია.ვრცლად: bm.ge