147 მილიონი ევროს დავალიანება აქვს რუსეთს, 2024 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ეს არის კომპენსაციის თანხა, პლუს ვადის გადაცილების გამო დარიცხული პროცენტი, რომელიც მოსკოვს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 2019 და 2023 წლებში, სამი გადაწყვეტილებით დააკისრა.
რუსეთმა არ გადაიხადა 10 მილიონი ევრო – 2019 წელს წაგებულ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. სტრასბურგის სასამართლომ ეს განაჩენი 2006 წელს, რუსეთიდან ეთნიკური ქართველების არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი, კოლექტიური დეპორტაციის გამო გამოიტანა. დარიცხული პროცენტის შემდეგ, დავალიანება ახლა 12 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.
რუსეთმა ასევე არ გადაიხადა 129 827 500 ევრო, რომელიც ECHR-მ კრემლს კიდევ ერთ წაგებულ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, 2008 წელს აგვისტოს ომის გაჩაღებისა და საქართველოში შეჭრის გამო დააკისრა. დარიცხული პროცენტის გამო, ეს ვალი 134 მილიონ ევროს გადასცდა.
რუსეთი არც 140 ათასი ევროს გადახდას აპირებს, რომელიც სტრასბურგმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო დააკისრა. საქმე „მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, მოკლული გიგა ოთხოზორიას მეუღლემ, შვილებმა და დედამ, ECHR-ში, 2023 წლის დეკემბერში მოიგეს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, არა მხოლოდ ოჯახისთვის, არ მხოლოდ ჩვენთვის, ვინც ამ საქმეს ვაწარმოებდით. არამედ, ამ საქმეს აქვს სახელმწიფო მნიშვნელობა.
აღსრულების პრობლემა რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებში დგება, რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და ის არ აღიარებს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებას. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, შესაძლებელია, ისეთი მექანიზმების მოფიქრება როგორ უნდა მოხდეს, ასეთი გადაწყვეტილებების აღსრულება ნინო ქურდოვანიძე, საია
ეს საქმე საქართველოს შეუძლია გამოიყენოს, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, ვინაიდან, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში აღიარებულია რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთან მიმართებით“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ქურდოვანიძემ.
მისი თქმით, „მეორე მხარეა, მოხდება თუ არა ამ გადაწყვეტილების აღსრულება. აღსრულების პრობლემა რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებში დგება, იქედან გამომდინარე, რომ რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და ის არ აღიარებს გადაწყველების აღსრულების ვალდებულებას.
თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, ისეთი მექანიზმების მოფიქრება და ადვოკატირება საქართველოს მხრიდან, რომელიც თუნდაც, მაღალ დონეზე დააყენებდა საკითხს, როგორ უნდა მოხდეს, ასეთი გადაწყვეტილებების აღსრულება.
ჩვენ ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ, გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ისეთი ქმედითი მექანიზმის შექმნას რომელიც უზრუნველჰყოფს, რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი საქმეების ეფექტიან აღსრულებას“ – ამბობს ნინო ქურდოვანიძე.
რუსეთმა ევროპის საბჭოდან გასვლა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დენონსაცია 2022 წლის მარტში დაიწყო, როგორც პასუხი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გამო, საბჭოში რუსეთის წევრობა თავად შეაჩერა. პასუხის პასუხი იყო ის, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი ორგანიზაციიდან საერთოდ გარიცხა.
2022 წლის სექტემბერში, რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან საბოლოოდ გავიდა. ახალი კანონების მიხედვით, ECHR-ის გადაწყვეტილებები უკვე აღარ არის საფუძველი, რომ რუსეთის სასამართლოების განჩინებები გადაიხედოს.
მოსკოვმა განაცხადა, რომ 2022 წლის 16 მარტის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღარ აღასრულებს.
ECHR-ის მანამდე გამოტანილ გადაწყვეტილებებზე კომპენსაციის გადახდა, ისიც მხოლოდ რუსულ რუბლებში, რუსეთმა 2022 წლის დეკემბერში შეწყვიტა. თუმცა, მოსკოვმა მაინც არ გადაიხადა – 10 მილიონი ევრო, რომელიც 2019 წელს, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დაეკისრა.
2022 წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო, კომპენსაციის სახით, ჯამში, 2 მილიარდზე მეტი ევრო უნდა გადაეხადა, რეალურად, მხოლოდ 74 მილიონი ევრო გადაიხადა.
2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ECHR-ში დამატებით წაგებული საქმეების გამო, რუსეთის დავალიანება კიდევ 227 მილიონი ევროთი გაიზარდა, მათ შორის არის 130 მილიონი ევრო, რომელიც კრემლმა აგვისტოს ომში დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გადაუხადოს.
როგორ შეიძლება რუსეთის იძულება გადაიხადოს ეს მილიარდები, რომელიც ECHR-ის გადაწყვეტილებებით დაეკისრა? უკრაინა, აქტიურად ლობირებს, რომ ამ კომპენსაციის და ასევე მომავალი რეპარაციის დაფარვა, რუსეთის ცენტრალური ბანკის 330 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული აქტივების კონფისკაციით მოხდეს
როგორ შეიძლება რუსეთის იძულება გადაიხადოს ეს მილიარდები, რომელიც ECHR-ის გადაწყვეტილებებით დაეკისრა? უკრაინა, რომელსაც ასევე რამდენიმე სარჩელი აქვს შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, აქტიურად ლობირებს, რომ კომპენსაციის და ასევე მომავალი რეპარაციის დაფარვა, რუსეთის ცენტრალური ბანკის 330 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული აქტივების კონფისკაციით მოხდეს.
კრემლი იმუქრება, რომ „ადეკვატურად უპასუხებს“ დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, ჩამოართვან საზღვარგარეთ არსებული უძრავი ქონება და აქტივები, თუმცა, სამართლის ექსპერტების აზრით, რეალურად, ეს ერთადერთი გზაა, ECHR-ის გადაწყვეტილებების აღსრულება მოხდეს.
აღსრულებას ელოდება 2016 წელს, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახიც, მათ რუსეთს სტრასბურგში საქმე, 2023 წლის ბოლოს მოუგეს.
ამასთან, გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია არა ფულადი კომპენსაციის მიღება, რომელიც ECHR-მ განსაზღვრა, არამედ მისი შვილის მკვლელის, აფხაზი კრიმინალის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემა და დასჯა.
„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნამდვილად ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა. სადაც, რუსეთთან ერთად განიხილება ოკუპაციის თემა, ყველგან უნდა წამოწიონ წინ, აი, ამ გადაწყვეტილების შედეგი” – მიაჩნია ჯულიეტა ჯანტურიას.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დამნაშავე 4 ადამიანიდან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გიგას მკვლელობაში, “პირი ვისზეც გადატყდა ჯოხი და ვინც უშუალოდ ჩაიდინა ეს დანაშაული, ქართულ მხარეს გადმოეცეს“.
ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პირი ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული, ქართულ მხარეს გადმოეცეს“ ჯულიეტა ჭანტურია, გიგა ოთხოზორიას დედა
საქართველოს მოქალაქე, 30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, რუსულ საოკუპაციო ხაზთან, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს.
რაშიდ კანჯი-ოღლი და კიდევ ოთხი დაუდგენელი კრიმინალი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და რამდენჯერმე ესროლეს ოთხოზორიას. ბოლოს, კანჯი-ოღლიმ წაქცეული ოთხოზორია თავის არეში საკონტროლო გასროლით მოკლა. კანჯი ოღლი ბოლო 7 წელია ოკუპირებულ აფხაზეთს და რუსეთს აფარებს თავს. როგორც სეპარატისტული ანკლავი, ისე რუსეთი მკვლელის გადმოცემაზე უარს ამბობს და არც ფორმალური გამოძიების ჩატარება უცდიათ.