14
“მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მოითხოვონ საქართველოს ხელისუფლებისგან მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინება”, – აშშ-ის სენატორები და კონგრესმენები :განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების ხელმომწერები არიან: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია), ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), და სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია).
„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: ქართული ოცნება ართმევს ქართველ ხალხს ძნელად მოპოვებულ თავისუფლებას და მათ ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს. მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა სანქციებისა და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენებით მოითხოვონ საქართველოს ხელისუფლებისგან ამ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების მოხსნა და არადემოკრატიული და უსამართლო კანონების გაუქმება.
2026 წლის 10 მარტს გამოქვეყნებული მოსკოვის მექანიზმის ანგარიში დეტალურად აღწერს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების, პოლიტიკური პატიმრებისა და სხვა განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ანგარიშის ძირითადი მიგნებები მოიცავს: მომიტინგეების უსამართლო დევნის შესახებ:…მომიტინგეების წინააღმდეგ საქმისწარმოება, როგორც წესი, სწრაფად მიმდინარეობს და მკაცრი სანქციებით სრულდება, მაშინ როცა მათ წინააღმდეგ ძალადობაში სავარაუდოდ ჩართული პირების, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოძიება ჭიანურდება.
მომიტინგეებზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ: „მომხსენებელმა გამოკვეთა მომიტინგეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სხვა სახის შეურაცხყოფის ტენდენცია (ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობამ, სავარაუდოდ, წამების ზღვარსაც მიაღწია), რაც შერწყმულია ამ ძალადობის ჩამდენთა თითქმის სრულ დაუსჯელობასთან.“ ჟურნალისტების საჯარო დაშინების შესახებ: „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ჩართულია დამოუკიდებელი მედიის ზოგიერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებში. ვრცელდება ცნობები სავარაუდოდ სამოქალაქო ძალადობრივი ჯგუფების შესახებ, რომლებიც ეხმარებიან პოლიციას ჟურნალისტების დევნაში, შევიწროებასა და მათზე თავდასხმაში.“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში



