ყველა მინუს ერთი – “ლელო” ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა, რომელიც ევროკომისიის დათქმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატს გაემიჯნა

საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობიდან ”ლელო” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ევროკომისიის დათქმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატს გაემიჯნა. 12 რეკომენდაციის მსგავსად, მამუკა ხაზარაძის გუნდის გადაწყვეტილებით, ერთობლივ მუშაობას არც 9 პუნქტზე გეგმავენ. ბრიუსელის დავალების შესრულებას, მათივე თქმით, დამოუკიდებლად აპირებენ, კონკრეტული ვადაც გაწერილია, თუმცა მთავარი ბარიერი ოპოზიციაში ყოფნაა. “ლელოში” აცხადებენ, რომ მათი ხედვის განხორციელებას ხელისუფლებაში ყოფნა სჭირდება.
პარლამენტის თავმჯდომარე ”ლელოს” ინიციატივებს მარგინალური ჯგუფის იდეებს უწოდებს. შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს შეახსენებს, რომ ისინი პარლამენტის დღის წესრიგს ვერ განსაზღვრავენ და უმჯობესია, არასერიოზულ ვითარებაში არ აღმოჩნდნენ.
9 დათქმის შესრულების პროცესისგან ”ლელოს” დისტანცირება საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისთვისაც არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია. მათთვისაც კი, ვინც წინა შემთხვევაში, სამუშაო ფორმატებს ბოიკოტს უცხადებდა, ახლა ”ლელოს” პრაგმატულობას უწუნებს. პარტიებში მიიჩნევენ, რომ სამუშაო შეხვედრებისგან გამიჯვნას, რეალურად, შედეგი არ მოაქვს.
მმართველი პარტია ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის პოზიციას, ქვეყნის ინტერესების დაზიანების სურვილს უკავშირებს. ”ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ, 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ”ლელოს” პოზიცია დესტრუქციისა და საბოტაჟის გაგრძელებაა.
ევროკომისიის 9 დათქმიდან პარლამენტს 5 მიმართულებით აქვს სამუშაო, დანარჩენი პუნქტები კი მთავრობის კომპეტენციაა. საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობისა და მესამე სექტორის ნაწილის მონაწილეობით, პირველი სამუშაო ფორმატის შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გუშინ, 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები