თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების დროს დაკავებული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას მიმართ შუამდგომლობა ადვოკატს გადასცა, სასამართლოში წარსადგენად. რექტორის განცხადება, რომელიც 27 იანვრით თარიღდება, რადიო თავისუფლებას სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა, ადვოკატმა გურო იმნაძემ მიაწოდა. მასში ნათქვამია, რომ სამუშია სასამართლოს აკაკი ჩიქობავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას სთხოვს.
“აკაკი ჩიქობავა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ფორმა არის მკაცრი და ვთხოვთ სასამართლოს აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი იქნას აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით”, – წერია განცხადებაში.
გურო იმნაძის თქმით, წერილს, სავარაუდოდ, ხვალ, 31 იანვარს გადასცემენ სასამართლოს.
პროკურორმა როინ ხინთიბაძემ დღეს, 30 იანვარს განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მზად არის კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვოს, რამდენიმე წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
“გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე”, – ამბობს პროკურორი როინ ხინთიბაძე.
თსუ-ის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ გუშინ, 29 იანვარს განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა აკაკი ჩიქობავას, “შესაბამის უწყებებთან” შუამდგომლობა გამოუცხადა.
პოლიციამ მოძრაობა “ხმის” თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით 23 იანვარს დააკავა, თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს – “ხმა” არის ის ორგანიზაცია, რომელმაც კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების ხელშესაშლელად აქცია მოაწყო. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას.
პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.
დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.