FT: -ს ბლოკადის მიუხედავად, რუსეთმა კუბას ტანკერებით ნავთობი და გაზი გაუგზავნა

Financial Times საზღვაო მარშრუტების მონიტორინგის სერვისებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნავთობითა და ბუნებრივი აირით დატვირთული ორი რუსული ტანკერი კუბის მიმართულებით მიემართება, მაშინ როცა კუნძული ღრმა ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვის, რომელიც -ს ნავთობის ბლოკადამ გაამწვავა.
FT-ს კომპანია TankerTrackers-ის თანადამფუძნებელმა, სამირ მადანიმ განუცხადა, რომ ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Sea Horse, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით 27 000 ტონა ბუნებრივი აირით არის დატვირთული, კუბაში უახლოეს დღეებში უნდა ჩავიდეს.
მისი თქმით, მეორე გემი, რუსული ტანკერი სახელად ანატოლი კოლოდინი, რომელიც 725 000-დან 728 000-მდე ბარელი ნავთობითაა დატვირთული კუბაში აპრილის დასაწყისში ჩავა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კუბას ენერგო რესურსები ბოლო სამი თვის განმავლობაში არ მიუღია.
ცნობისთვის, აშშ-ს მიერ ნავთობის ბლოკადის დაწესებიდან რამდენიმე კვირაში კუბაში ელექტროენერგია სრულიად გაითიშა. CNN-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროგადამცემმ ქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ კუბის ქსელის გათიშვის დროს მოქმედ ელექტრომოწყობილობებში არანაირი გაუმართაობა არ ყოფილა.
ასევე, 16 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის აღების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
“კუბა თავის მხრივ, ტურიზმისა და სხვა მხრივ, ლამაზი კუნძულია. შესანიშნავი ამინდი აქვთ. არ არიან ქარიშხლის ზონაში, რაც მშვენიერია. ყოველ კვირა ქარიშხლისთვის ფულს არ მოგვთხოვენ.
თუმცა, ვფიქრობ, კუბა დასასრულის წინაშეა. მთელი ჩემი ცხოვრება მესმოდა აშშ-სა და კუბაზე: როდის გააკეთებს აშშ ამას? მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი. ეს დიდი პატივია… კუბის აღება, დიახ. რაღაც ფორმით. კუბის აღება – გავათავისუფლებ მას, თუ ავიღებ. მგონია რასაც მინდა იმას გავუკეთებ. გინდათ სიმართლე გითხრათ? ახლა ძალიან დასუსტებული სახელმწიფოა. დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ. [ჰყავთ] ძალიან სასტიკი ლიდერები.” – თქვა ტრამპმა.
აქამდე, გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლებელი იყო “კუბის მეგობრული დაუფლება”.
აშშ-მ კუბაზე ზეწოლა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის შემდეგ გაზარდა. სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა კუნძულზე კრიზისის გამწვავება. კუბა დამოკიდებული იყო ვენესუელურ ნავთობზე. კუბელი ამერიკელი აქტივისტები, ცვლილების იმედით, ტრამპს ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებდნენ.