შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ უპასუხოს იორდანიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტს. თუმცა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დამატებითი დეტალები თეთრ სახლთან შეკრებილი ჟურნალისტებისთვის არ გაუმხელია. მან მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ პასუხის გასაცემად ამერიკას ახლო აღმოსავლეთში ომის გაფართოების საჭიროება არ აქვს.
“არ ვფიქრობ, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომი გვჭირდება. მე ამისკენ არ ვისწრაფვი” – თქვა ბაიდენმა 30 იანვარს, ფლორიდაში გაფრენის წინ. ჟურნალისტების კითხვაზე, გადაწყვიტა თუ არა, როგორი რეაგირება ექნება თეთრ სახლს, ბაიდენის პასუხი იყო “დიახ”.
ჟურნალისტებს ასევე აინტერესებდათ, თვლის თუ არა პრეზიდენტი თავდასხმაზე პასუხისმგებლად ირანს. ბაიდენმა უპასუხა, რომ ირანი იმდენად პასუხისმგებელია, რამდენადაც ის აწვდიდა იარაღს ადამიანებს, რომელთაც იერიში მიიტანეს შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებზე.
იორდანიაში დრონით მიტანილ თავდასხმას, 28 იანვარს სამი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათეულობით ადამიანი დაიჭრა. შედეგად, გაიზარდა პოლიტიკური ზეწოლა პრეზიდენტ ბაიდენზე, რათა მან თავდამსხმელებს სათანადოდ უპასუხოს. ამ დრომდე არ არის დადასტურებული თუ ვინ იდგა თავდასხმის უკან.
ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ვაშინგტონმა იერიში უშუალოდ ირანზე უნდა მიიტანოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის მოსაზრებით, აქამდე ამ ნაბიჯისგან თავს მაქსიმალურად იკავებდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბაიდენს მომხდარზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტი აქვს. მან შესაძლოა ირანის ძალებს ქვეყნის გარეთ ან მის შიგნითაც კი შეუტიოს. ასევე შესაძლებელია, რომ ვაშინგტონმა ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებზე უფრო ძლიერი იერიშის მიტანით, შედარებით ფრთხილი არჩევანი გააკეთოს.
ოქტომბრის დასაწყისში, ისრაელის მიერ “ჰამასის” წინააღმდეგ წამოწყებული საპასუხო ომის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ძალებს 150-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს. ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა დაჯგუფების მეშვეობით, თავდასხმები ხდება ერაყში, სირიაში, იორდანიისა და იემენის სანაპიროებთან.