ზახაროვა ურთიერთობის აღდგენაზე: ბურთი ჩვენს მხარეს არაა… მზად ვართ სახალისო თამაშისთვის

18 მარტს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას, პუტინისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დაუსვა შეკითხვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით. მჟავანაძე ირწმუნება, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ბევრი ქართველი ითხოვს.
“აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ საქართველოს უფრო და უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი – როგორც ამას ვხედავთ, როგორც ამას აღვნიშნავთ – მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას. ამ ურთიერთობამ – ვგულისხმობ რუსულ-ქართულ, ქართულ-რუსულ [ურთიერთობას] – მიიღო კოლოსალური დარტყმა მათი მხრიდან, ვინც კავკასიაში სიტუაციით მანიპულირებდნენ, როგორც მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, ისე რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ვინც მანიპულირებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისი დავალებაც იყო ქაოსის თესვა ჩვენთვის ერთ დროს საერთო სივრცეში. ამას აკეთებდნენ ისტორიული კავშირების გათვალისწინების გარეშე, აკეთებდნენ ამას ჩვენი მაკავშირებელი ისტორიული ნასკვების საწინააღმდეგოდ. აკეთებდნენ უხეშად, ცინიკურად და ახდენდნენ არა უბრალოდ კონფლიქტების პროვოცირებას, არამედ სწორედ შეტაკებების პროვოცირებას. ეს პროვოკაციები, ნაწილობრივ, გამოუვიდათ, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ ბევრად მეტი უნდოდათ და მეტს ვერ მიაღწიეს.” – თქვა ზახაროვამ.
ზახაროვამ კვლავ თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის გადაწყვეტილება თბილისის მისაღებია.
“თუმცა, ამასთანავე, ურთიერთობა ნამდვილად შეწყდა. ვფიქრობ, ეს ისტორია ძალიან კარგად იცით. არ შეგახსენებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, აღვნიშნავ, რომ ეს გაწყვეტა რუსეთის ინიციატივით არ მომხდარა. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში აღდგენას იწყებს ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები – კონკრეტული შედეგებით.
ვხედავთ, როგორ აცხადებს ამჟამინდელი ხელისუფლება მისწრაფების შესახებ, იხელმძღვანელოს ქართველი ხალხის ნებით. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა მენახა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. თუმცა, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ საკითხში ბურთი არაა ჩვენს მხარეს, მაგრამ მზად ვართ ამ კარგი, საინტერესო, სახალისო სპორტული თამაშისთვის.” – თქვა ზახაროვამ.