ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 1 თებერვალს გაიმართება ბრიუსელში, წევრი ქვეყნები დაადასტურებენ მზადყოფნას, „მყარი სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ“ უკრაინას.
სამიტის გადაწყვეტილებათა პროექტში, რომლის შესახებაც იტყობინება Reuters-ი, ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, გააგრძელონ უკრაინისთვის „დროული, პროგნოზირებადი და მყარი სამხედრო დახმარების“ აღმოჩენა.
„ევროპული საბჭო ასევე ადასტურებს ამუნიციისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარების მწვავე აუცილებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.
ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, პროექტში ღიად არის დარჩენილი, დათანხმდებიან თუ არა ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დახმარების ფონდში კიდევ 5 მილიარდი ევროს შეტანას.
ამის წინააღმდეგი იყო უნგრეთი, მაგრამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ფრანგულ გამოცემა Le Point-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ხელს არ შეუშლის უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმების მიღწევას.
„უნგრეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს 27 [წევრის] პრობლემების მოგვარებაში, თუკი გარანტიას მოგვცემთ, რომ ყოველ წელს გადავწყვეტთ, გავგზავნოთ ეს ფული თუ არა. ამ ყოველწლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორც დღეს: ის ერთხმად უნდა იქნეს მიღებული“, – განაცხადა ორბანმა.
ევროკავშირის მრავალი წევრი უნგრეთის ასეთ პოზიციას მიუღებლად მიიჩნევს.
როგორც Bloomberg-ი იტყობინებოდა გასულ კვირაში ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრის შესახებ, ბუდაპეშტმა ორბანის განცხადებამდეც დაადასტურა, რომ არ შეეწინააღმდეგება უკრაინის დახმარების საკითხში კონსენსუსის მიღწევას.
ბრიუსელის ხუთშაბათის სამიტის მთავარი საკითხი იქნება შეთანხმების მიღწევა უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს თაობაზე. ეს დახმარება უნგრეთმა დაბლოკა დეკემბრის სამიტზე.