რუსეთში პირველად დაადასტურეს სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკზე“ მეზღვაურის დაღუპვა

რუსეთის ოფიციალურმა დაწესებულებამ პირველად დაადასტურა ერთ-ერთი მეზღვაურის სიკვდილი დიდ სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკზე“, როცა 2023 წლის 26 დეკემბერს დარტყმა განხორციელდა ფეოდოსიის პორტზე. არაოფიციალური მონაცემებით, მაშინ შესაძლოა 30-ზე მეტი მეზღვაური დაღუპულიყო.
რუსეთის ქალაქ შახტის (როსტოვის ოლქი) ერთ-ერთმა გიმნაზიამ თავის საიტზე დაადასტურა „ნოვოჩერკასკზე“ თავისი კურსდამთავრებულის სიკვდილი. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია Krym.realii-მ. გიმნაზიის საიტზე ნახსენებია, რომ დაიღუპა უფროსი მეზღვაური იგორ მეშჩერიაკოვი. მან ეს სასწავლებელი 2017 წელს დაამთავრა.
„2021 წლიდან მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ძალების დიდი სადესანტო გემების 197-ე ბრიგადაში, დიდ სადესანტო გემ „ნოვოჩერკასკზე“, უფროსი მატროსის წოდებით“, – ნათქვამია საიტზე. იქვე ნახსენებია, რომ მეშჩერიაკოვი დაიღუპა 2023 წლის 26 დეკემბერს – ფეოდოსიაზე სარაკეტო იერიშის დღეს – და აღნიშნულია, რომ ის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სიმამაცის ორდენით.
ამგვარად, აღნიშნავს Krym.realii, მეშჩერიაკოვი არის „ნოვოჩერკასკის“ პირველი მეზღვაური, რომლის დაღუპვაც ოფიციალურად დაადასტურეს.
2023 წლის 26 დეკემბერს, ანექსირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად, უკრაინის მხარის მონაცემებით, განადგურდა სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღიარეს გემზე დარტყმა. რუსეთის სამხედროთა შორის დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სატელიტური ფოტოები და თვითმხილველთა მონათხრობი მოწმობს, რომ გემი ფაქტობრივად განადგურდა.
ინტერნეტში განცხადებები გამოაქვეყნეს მეზღვაურთა ნათესავებმა, რომლებიც თავიანთი ახლობლების პოვნას ცდილობდნენ. ტელეგრამის არხ Astra-ს თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება „ნოვოჩერკასკის“ 33 მეზღვაური, მთლიანად ხომალდზე 77 მეზღვაური იყო. ოფიციალური მონაცემები კვლავაც არ გამოუქვეყნებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს