გაუთქმელობაზე მომაწერინეს ხელი – ნანუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელი და ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ნანუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“გაუთქმელობას ხელი მოვაწერე, შესაბამისად, უფლება არ მაქვს, იმ კითხვების შესახებ ვისაუბრო, რაც დამისვეს […]
დღევანდელი გამოკითხვა აბსურდი, აბსურდის თეატრში მონაწილეობაა. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, უსაფრთხოების სამსახური, უსაფრთხოების რეალური პრობლემებით იყოს დაკავებული, ისინი თითიდან გამოწოვილი საქმით არიან დაკავებულები და დროსა და რესურსს ხარჯავენ ასეთი სახის გამოძიებებში, რომელიც ყოველგვარ რეალობას მოკლებულია”. – თქვა ნანუაშვილმა.
უჩა ნანუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სუს-მა გამოკითხვაზე ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა. მან სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვა გამოკითხვა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა დამირეკა, დაბარებული ვარ ეუთ-ს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო”. – წერდა ნანუაშვილი.
გამოკითხვის დაწყებამდე ნანუაშვილმა თქვა, რომ ასეთი დაბარებები სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობაა, რომ მომავალში არავის სურვილი აღარ ჰქონდეს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან იკონტაქტოს.
“ძალიან დიდი აბსურდია, როცა უსაფრთხოების სამსახურში უფლებადამცველს იმის გამო იბარებენ, რომ საერთაშორისო, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და იმ მდგომარეობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია […]
მე ექსპერტს იმ კონკრეტულ საქმეებზე დავეხმარე, რაზეც მას კითხვები ჰქონდა – რამდენიმე საკითხზე დაკავშირება სურდა, ასევე რაღაც ანგარიშები აინტერესებდა, რომელიც ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოვამზადეთ”. – თქვა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ში ერთ-ერთი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლითაა დაწყებული, რაც  უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს. მათივე ცნობით, თუ სხვა გარემოებები გამოიკვეთება მუხლი გადაკვალიფიცირდება.