Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე და მათ მიერ სხვადასხვა ტიპის მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის აგენტები ცალკეულ ირანელ მეთაურებს დაუკავშირდნენ და მათ საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახის წევრებს სახელებით დაემუქრნენ, თუ ისინი ირანში შესაძლო სახალხო აჯანყების შემთხვევაში განზე არ გადგებიან.
გამოცემა ირანის პოლიციის მაღალჩინოსან მეთაურსა და მოსადის აგენტს შორის ერთ-ერთი ზარის შინაარსს გაეცნო.
“გესმით ჩემი?” – კითხულობს სპარსულად მოსადის აგენტი WSJ-ის მიერ მოპოვებულ ჩანაწერში – “ჩვენ ყველაფერი ვიცით თქვენს შესახებ. ჩვენს შავ სიაში ხართ და თქვენზე სრული ინფორმაცია გვაქვს”.
“კარგი” – ამბობს მეთაური ჩანაწერში.
“წინასწარ გაფრთხილებთ, რომ უნდა დადგეთ თქვენი ხალხის მხარეს” – ამბობს მოსადის აგენტი – “და თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენი ბედი თქვენი ლიდერის მსგავსად დასრულდება. გესმით ჩემი?”.
“ძმაო, ყურანზე ვფიცავ, მე თქვენი მტერი არ ვარ” – ამბობს მეთაური – “მე უკვე მკვდარი კაცი ვარ. უბრალოდ, გთხოვ, მოდით და დაგვეხმარეთ”.
WSJ აღნიშნავს, რომ მსგავსი ოპერაციების გარდა ისრაელი ირანის უსაფრთხოების ძალების დასუსტების მიზნით მიზანში იღებს პოლიციის საწყობებს, ანადგურებს კომპიუტერულ აღჭურვილობას, ავტომობილებსა და საპოლიციო ინვენტარს. ასევე ანადგურებს მოტოციკლეტების დანაყოფებს, რომლებიც წლის დასასწყისში ირანში მიმდინარე აქციების სასტიკ დარბევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.
გამოცემა ისრაელურ სადაზვერვო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის შეტევებმა რიგითი თანამშრომლების მორალი შეარყია და ადგილმდებარეობის დასამალად ზოგიერთს საკუთარ ავტომობილებში, მეჩეთებში ან სპორტულ დაწესებულებებში ძილი აიძულა.
WSJ იუწყება, რომ აღნიშნული ოპერაციები მიზნად ირანში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე სახალხო აჯანყებისთვის რეჟიმის გადატრიალების გამარტივებასა და რეჟიმისთვის საკუთარი მოქალაქეების დარბევის შესაძლებლობის დასუსტებას ისახავს.