კირილი სამძიმარში პატრიარქის ტიტულს სრულად არ წერს, რათა ცხუმ- არ ახსენოს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. წერილში კირილი თავს არიდებს სრულად დაწეროს საქართველოს პატრიარქის ტიტული, რათა არ ახსენოს ცხუმ-, რომელსაც ის არ აღიარებს.
გარდაცვლილი პატრიარქის სრული ტიტულატურა შემდეგია – უწმიდესი და უნეტარესი , საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.
“მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მაღალყოვლადუსამღვდელოეს შიოს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს.
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფეო!
ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი უძვირფასესის თანამოძმისა და თანამსახურის, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული სისავსის სახელით და პირადად ჩემგან, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ და-ეკლესიას, ამ მძიმე დანაკარგის გამო.
უფალმა ყოვლისმპყრობელმა ძველი ივერიის ეკლესიას უბოძა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება მიუძღვნა მასზე ზრუნვასა და კეთილმოწყობას. თითქმის 50 წლის განმავლობაში უწმიდესისა და უნეტარესი ილიას პატრიარქობა გახდა მთელი ეპოქა საქართველოს ეკლესიისა და მთელი სამართლმადიდებლოს ცხოვრებაში. მოშურნე მსახურებითა და განსაკუთრებული სიბრძნით, განსვენებულმა მოიპოვა გამორჩეული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა არა მხოლოდ ეკლესიურ, არამედ საზოგადოებრივ გარემოშიც ერთმორწმუნე საქართველოში. მრავალი ბავშვის ნათლიობის მიმღებად ყოფნით, იგი იქცა ჭეშმარიტ სულიერ მამად მთელი ღვთისმოშიში ქართველი ერისათვის, რომელმაც მასში ღვთის სიბრძნე იხილა (3 მეფ. 3:28).
განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქი ინარჩუნებდა ტრადიციულად კეთილ ურთიერთობებს ჩვენს ეკლესიასთან. მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებში მიღებული განათლების გამო, იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სიყვარულს ღირსი სერგისადმი და მისი სავანისადმი, საჭიროდ მიიჩნევდა ჩვენს ხალხებს შორის ქრისტეში სულიერი ერთობის დაცვას ამქვეყნიური ქარიშხლებისაგან. რუსეთის ეკლესიის საზღვრებში მისი მრავალგზის სტუმრობისას იგი მუდამ ხვდებოდა გულთბილ დამოკიდებულებასა და პატივისცემას მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრავალი მორწმუნის მხრიდან.
მართლმადიდებელ წინამძღვრებს შორის ასაკით უხუცესი, იგი თავისი ბრძნული სიტყვით, მდიდარი გამოცდილებით, ღრმა ეკლესიურობითა და მაღალი ავტორიტეტით მნიშვნელოვან წვლილს დებდა ღვთის წმინდა ეკლესიების მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში. გვწამს, რომ მისი სულიერი ანდერძი დარჩება საიმედო ორიენტირად ჩვენს საერთო მართლმადიდებელ ოჯახში და დაგვეხმარება ყველას შევინარჩუნოთ სულიერი ერთობა მშვიდობის კავშირში (ეფ. 4:3).
პირადად ჩვენ გვაკავშირებდა ძალიან კეთილი და ნდობით სავსე ურთიერთობა, რაც გვაძლევდა შესაძლებლობას აზრების გაცვლისა და ობიექტური შეფასების იმ მოვლენებისა, რაც მაშინ ხდებოდა ეკლესია-სახელმწიფო ურთიერთობების სფეროში საბჭოთა კავშირში. ამ ნდობამ გაგვამთლიანა და დაგვეხმარა ერთობლივად გვეფიქრა, თუ როგორ შეგვემსუბუქებინა უღმერთო ხელისუფლების ზეწოლა და უკეთესობისკენ შეგვეცვალა მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობა იმ დროს ჩვენს ერთიან ქვეყანაში.
უფალმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ (იოან. 11:25), დაამკვიდროს თავისი ერთგული მსახურის სული ზეციურ სასუფეველში, სადაც არაა სნეულება, არც მწუხარება, არც ოხვრა, არამედ არის სიცოცხლე უსასრულო.
მარადიული და ლოცვითი ხსოვნა ახლადმიცვალებულ უწმიდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას.
ღრმა სამძიმრითა და ქრისტესმიერი სიყვარულით.
+კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი.”