სირიის ხელისუფლებამ დამასკოში, რესტორნებსა და ბარებში ალკოჰოლი აკრძალა.
დადგენილება, რომელიც დამასკოს გუბერნიამ გამოსცა, მოითხოვს, რომ ღამის კლუბებისა და ბარების ლიცენზიები გადაკეთდეს კაფეების ლიცენზიებად. ასევე ზღუდავს ალკოჰოლის გაყიდვას – ნებადართულია მხოლოდ დალუქულ ბოთლებში წასაღებად და მხოლოდ იმ უბნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია.
დადგენილების მიხედვით, ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ალკოჰოლს ყიდის, უნდა მდებარეობდეს მინიმუმ 75 მეტრის დაშორებით სალოცავი ადგილებისა და სკოლებისგან, და მინიმუმ 20 მეტრის დაშორებით უსაფრთხოების ობიექტებისგან. ბარების მფლობელებს სამი თვე ეძლევათ მოთხოვნების შესასრულებლად.
ცნობისთვის, სირიაში მოქმედი ისლამისტური მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდეგ, რაც აჰმედ ალ-შარაამ 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო.