თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ იფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების კუთხეები მოეწყო, სადაც თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო რუხაძემ, ასევე საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმა, მიმართეს.
გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ ტოლერანტობის დღეს თბილისის საკრებულო მასპინძლობს, რაც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და 16 ნოემბერი ყოველ წელიწადს განსაკუთრებულად და განსხვავებულად აღინიშნება.
„ჩვენი ქალაქი ისტორიულადაა მრავალფეროვანი, აქ საუკუნეების განმავლობაში ღირსეულად თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსისა და კულტურის წარმომადგენლები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საკრებულოსთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა და პროექტები ხელს უწყობს სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს ინტეგრირდნენ ჩვენი ქალაქის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში,“ – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ასევე ღონისძიებაზე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. დღესვე კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს საკრებულოს წევრებმა სიგელები გადასცეს.
„ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიება ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა, ხოლო დასასრულს საქართველოს ჰიმნი შესრულდა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 16 ნოემბერს 1996 წლიდან აღინიშნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ასევე სათვისტომოების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან