წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო.

მეუფე თეოდორეს განცხადებით, სინოდის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მიტროპოლიტი , მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

„წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.