ისტორიკოსის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ბექა კობახიძის ინფორმაციით, იხურება თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა. პროგრამის ხელმძღვანელი სწორედ ბექა კობახიძეა.აქამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის მიმართულებით ოთხი პროგრამა არსებობდა – ერთი საბაკალავრო, ორი სამაგისტრო და ერთი სადოქტორო: საბაკალავრო ზოგადი ისტორია, სამაგისტრო შუა საუკუნეების კვლევები, სამაგისტრო თანამედროვე საქართველოს ისტორია და სადოქტორო ზოგადი ისტორია.“ქართული ოცნების” იმიციატივით მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტში უქმდება ყველა პროგრამა, გარდა პედაგოგიკის მიმათულების პროგრამებისა. კობახიძის ინფორმაციით, ისტორის მიმართულებით არსებული ოთხი პროგრამიდან შენარჩუნდება მხოლოდ სამი.თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის გაუქმების მიზეზად კობახიძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მათ შორის, არის “ქართული ოცნების” მცდელობა, საქართველოში ისტორიული ნარატივების რუსეთთან სინქრონიზაციაში მოყვანა. ასევე, პროგრამის ხელმძღვანელების, თავად ბექა კობახიძისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, სტივენ ჯონსის პოლიტიკური პოზიციები.“უკვე ბევრი დავწერე და ვილაპარაკე ამაზე, რომ ქართულ ოცნებას აქვს ვალდებულება ისტორიული ნარატივი რუსების მოთხოვნებთან მოიყვანონ შესაბამისობაში. რუსებს არასდროს დაუშლიათ შუა საუკუნეები, ოსმალებთან, ყიზილბაშებთან და არაბებთან ომები გვეკვლია. უფრო კი, – პირიქით. პრობლემა მე-19-20 საუკუნეებია.2021 წელს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, გაიმეორეს რუსული და საბჭოთა ისტორიოგრაფიის სიყალბე, რომ 16 თებერვალს დაიწყო ომი და არა 12 თებერვალს, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა. შეგახსენებთ, რუსული და საბჭოთა ისტორიოგრაფიები ამტკიცებენ, რომ 12 თებერვალს ლორეში დაიწყო მშრომელთა აჯანყება, რომელსაც სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველები და 16 თებერვალს წითელი არმია იძულებული გახდა მშრომელთა დასახმარებლად ჩართულიყო ბრძოლაში. 2021 წლის 25 თებერვალს, მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა, სწორედ ეს დაწერა ოფიციალურ განცხადებაში.2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯარო რეპორტი გამოაქვეყნა, სადაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მტრულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2023 წელს ქართულმა ოცნებამ დახურა კგბ-ს და კომპარტიის არქივები.რადგან არქივები აღარ იყო, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ზეპირ ისტორიებზე გადაერთო. ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად უნდა განხორციელებულიყო საბჭოთა საქართველოს შესახებ ზეპირი ისტორიების მოგროვების პროექტი. ეს პროექტი საქართველოს განათლების სამინისტრომ დაბლოკა. მოგეხსენებათ, ჰარვარდის ქართულ პროგრამას განათლების სამინისტრო აფინანსებდა და, ხელშეკრულების მიხედვით, სამწუხაროდ ჰქონდათ მათ ამის უფლება. მაშინდელმა მინისტრმა – ჩხენკელმა – დაურეკა ჰარვარდში ქართული პროგრამის დირექტორ სტივენ ჯონსს და სთხოვა თავი დაენებებინათ პოლიტიკურად სენსიტიური ისტორიული საკითხებისთვის და ეკვლიათ კულტურა. აი ისე, როგორც საბჭოთა დროს იყო, ცეკვა, სიმღერა, ღვინო და ფეხბურთი, მაგრამ პოლიტიკა – ნურას უკაცრავად!წელს, ოკუპაციის დღეებში მოიმართა უპრეცედენტო კამპანია პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ: მარო მაყაშვილის სურათების ორგანიზებული დაჰაჰავება, მაროს სიკვდილში საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება, კედლებზე მაროს გრაფიტების წაშლა, მთაწმინდიდან კვინიტაძის “დაგორებისკენ” მოწოდება და მრავალი სხვა.1981 წელს, საქართველოს “გასაბჭოების” 60 წლისთავზე, როდესაც შევარდნაძემ კომპარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ “საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის” და 1983 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავზე, დიდი კამპანიები გაიმართა მონუმენტების აღმართვით და ერეკლეს წინა პლანზე წამოწევით, როგორც პრორუსი მეფისა.ეს კამპანია საქართველოში 2024-2025 წლებში განმეორდა.2026 წელს გვეცნობა, რომ ისტორიის სწავლება განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ერთადერთი წიგნიდან მოხდება. ვიცით ამ წიგნს ვინ დაწერს და იმის წარმოდგენაც არაა რთული, ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, რა ეწერება შიგნით.და აი, 2026 წელს, როგორც ამ პროცესის ნაწილი, დახურეს ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა. ბევრს ვსაუბრობდი იმაზე თუ რა ძვირფასი პროგრამაა, რომ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პროფესორები ასწავლიან ჩვენთან, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ასეთ და ასეთ წარმატებებს მიაღწიეს. დიახ, ასეთი რომ არის ეს პროგრამა სწორედ ამიტომ ხურავენ.ისტორიული ნარატივის სინქრონიზაციისას უნდა გავიხსენოთ 2024 წლის 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაც ქართული ოცნების მიტინგზე, სადაც მან რუსების სიტყვები გაიმეორა, რომ 2003 წელს უცხო ძალებმა მოაწყვეს საქართველოში რევოლუცია და შემდეგ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიეს; არც წულუკიანის კომისიის დასკვნა უნდა დავივიწყოთ, რომელმაც ქართული მხარე გაასამართლა ომის დაწყებისთვის, საოკუპაციო ხაზზე საგუშაგოს აღმართვისთვის და რისთვის აღარ.აქ პერსონალური ფაქტორიც არ უნდა გამოგვრჩეს: 2024 წელს თბილისში ჩამოსული იყო პროფესორი სტივენ ჯონსი. მაშინდელი განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი უნდა გაეცნო და საქმის კურსში ჩაეყენებინა ჰარვარდში ქართული პროგრამის აქტივობების შესახებ. მე მაშინ ჰარვარდში ვიყავი. მინისტრმა არაფერი იცოდა ქართული პროგრამის შესახებ, სამაგიეროდ მაგიდაზე ედო ჩემი ფეისბუქ პოსტების ამობეჭდილი კრებული, საკვანძო ფრაზები მარკერით ყვითლად გახაზული. ესო ჩვენი მოწინააღმდეგეა და რა უნდა ამას ჰარვარდშიო? პასუხს სთხოვდა პროფესორ ჯონსს. კაი ოცი წუთი ულაპარაკია ჩემზე. მერე გადასულა იმ თემაზე, რომ ჩაეხსენი ილიაუნის და თსუ-სთან ითანამშრომლეო. ორი წელია ვიცი და ამ ამბებზე არაფერი მითქვამს, მაგრამ უკვე აღარაფერია დასამალი. ქვეყნის განათლების მინისტრს, რომელსაც ასეულობით დანგრეული სკოლა აბარია, ჩემი პოსტებისთვის რომ სცალია, არ გამოიყურება მთლად საქმის კეთებისადმი შემართულად. ამასთანავე, უტაქტობა და ველურობაა, როცა თავს უფლებას აძლევ ჰარვარდიდან ჩამოსულ პროფესორს უთხრა პოლიტიკური პრეფერენციები გამოამჟღავნოს აკადემიური გადაწყვეტილების მიღებისას.და აი წელს ჰარვარდის ქართულმა პროგრამამ განათლების სამინისტროსგან მიიღო ოფიციალური წერილი, სადაც წერია, რომ დაფინანსება არ გაგრძელდება, მათ შორის იმიტომ რომ პროგრამის დირექტორმაო (ანუ სტივენ ჯონსმა) არ დაიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და გვაკრიტიკებდაო.ილიაუნიში თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას მე და სტივენი ერთად ვხელმძღვანელობთ. ესე იგი დასახურები კი არა დასახვრეტები ვართ.თუმცა, მხოლოდ ისტორიით ნუ შემოვფარგლავთ ამათ მავნებლობას. საბჭოთა დროს უკიდურესი ცენზურის ქვეშ იყვნენ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ნარატივსა და იდეოლოგიას.ილიაუნიში ერთმანეთზე უკეთესი პროგრამები დახურეს: ანთროპოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ფილოსოფიის პროგრამები, პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები და მრავალი სხვა.რუსეთთან სინქრონიზაციაში მოსასვლელად ილიაუნის საუკეთესო პროგრამები იხურება, მაგრამ, ამის პარალელურად, საქართველოში აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებს ირანიდან დაფინანსებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ერთგულ კადრებს უზრდის ტერორისტულ სახელმწიფოს და რომლებიც ირანის საელჩოსთან დგანან ბანერებით “ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!”ისე არ მინდა მოვკვდე, რაც ზემოთ დავწერე ყველაფერი საგამოძიებო ფაილებად არ გადაიქცეს.ამ ეტაპზე, ქოცებო, ამილახვრის არ იყოს, შეგიძლიათ ეს პოსტი ამობეჭდოთ და რუსებს ანახოთ როგორ პედანტურად შეასრულეთ დავალება”, – წერს ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.



