როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

4
წარმოიდგინეთ, რომ ქართული ასობგერები მხოლოდ ბგერები კი არა, ცოცხალი, მგრძნობიარე არსებები არიან. ისინი მოძრაობენ, სუნთქავენ ადამიანების სილუეტებში. მხატვარმა თამთა ელბაქიძემ ბოლო ერთი წელია საკუთარ შემოქმედებაში ნამდვილი კალიგრაფიული რევოლუცია მოახდინა. მან ქართული ანბანი ანატომიურ პოეზიად აქცია
2020 წლიდან ,,თამთას სივრცე“ ზღაპრული თილიებით, ფრთიანი ადამიანებით იყო დასახლებული. თუმცა, დღეს მხატვრის აკვარელის ქაღალდზე უფრო ღრმა და მისტიკური პროცესი მიმდინარეობს.
– თამთა, შენს ბოლო ნამუშევრებში, ქართული ასობგერა მხოლოდ სიმბოლო არ არის, ის არის ადამიანის ხერხემალი და მთლიანი სხეული. როგორ ,,აიძულე“ გრაფიკული ნიშანი, რომ ადამიანის ემოციით ემეტყველა?
– მე არ მიიძულებია, პირიქით, დავემორჩილე. როცა ქართულ ასობგერას აკვირდები, ხედაც, რომ ბუნებრივად იმეორებს ადამიანის პლასტიკას. ასობგერა ა – არის პირველი ჩასუნთქვა, ბ – არის სიმრგვალე და მფარველობა. ბოლო 1 წელია ჩემთვის ხატვა ნიშნავს იმის ძიებას, თუ სად გადის ზღვარი ასობგერის გრაფიკული ნიშნის და ადამიანის სხეულს შორის. თითქოს ეს ასობგერები ჩვენს გენეტიკურ კოდშია ჩაწერილი და მე მათ უბრალოდ ქაღალზე გადასახლებაში ვეხმარები.
– აკვარელი და ტუში, ორივე მასალა ძალიან ,,გულწრფელია“, მათში, წაშლა შეუძლებელია. რატომ აირჩიე ეს ტექნიკა ანბანის გასაცოცხლებლად?
– ქართული ასობგერა თავისი არსით დენადია, მასში არ არიან კუთხეები, მხოლოდ რკალებია. აკვარელიც ასეთია, თავისით მიედინება ქაღალდზე. ტუშით კი იმ სიმკვეთრეს ვსაზღვრავ, რომელიც ასობგერის ხერხემალს ქმნის. აკვარელის სპეციალური ქაღალდი კი ამ ყველაფერს იტევს და სუნთქვის საშუალებას აძლევს. ეს პროცესი ჰგაქვს ფიქრის ქაღალდზე გადატანას. ერთი ხელის მოსმა და ასობგერა იღებს ადამიანის ფორმას, რომელიც ან იხრება ან მაღლა იხედება
– შენი პერსონაჟები, თილიები, რომლებიც ფრთიანი ადამიანები არიან, ახლა ამ ასობგერების გვერდით ცხოვრობენ ,,თამთას სივრცეში“. არის თუ არა ანბანის სერია იმ კეთილი სამყაროს გაგრძელება, რომელსაც 2020 წლიდან ქმნი?
– რა თქა უნდა. თილიები ჩემი სამყაროს მცველები არიან. ისინი არ არიან ანგელოზები, უბრალოდ კეთილი ადამიანები არიან, რომლებმაც ფრენა ისწავლეს. ახლა კი ფრენა ქართულ ასობგერებში გაგრძელდა. თუ დააკვირდებით, ანბანის ჩემეულ სილუეტებს ფრთები არ აქვთ, თუმცა მასში იგივე სისმსუბუქე იგრძნობა. ჩემი სურვილია, რომ ადამიანმა, რომელიც ამ ნამუშევრებსშეხედავს, დაინახოს არა მხოლოდ მშობლიური ასობგერა, არამედ საკუთარი თავი
– ბევრისთვის ქართული კალიგრაფია სტატიკური და ისტორიულია. შენ კი ის თანამედროვე, ემოციურ ხელოვნებად აქციე. რა არის შენი მთავარი მესიჯი მათთვის, ვინც ,,თამთას სივრცეში“ პირველად შემოაბიჯებს?
– ჩემი შეტყობინება სიმშვიდეა. ჩვენს გარშემო ისედაც ბევრი ხმაურია. მინდა, რომ ჩემს ნამუშევრებში ადამიანებმა იპოვონ ის სიმსუბუქე, რაც აკვარელის ერთ წვეთშია. ქართული ასობგერა ჩემს ნახატებში არის დასტური იმისა, რომ ჩვენი კულტურა ცოცხალი ორგანიზმია, მას აქვს სხეული, აქვს სული და მას შეუძლია ფრენა.
თამთა ელბაქიძის შემოქმედება დღეს არის ხიდი ტრადიციულ გრაფიკას და თანამედროვე ემოციურ ფერწერას შორის. მისი ,,ცოცხალი ანბანი“ შეხსენებაა იმისა, რომ ხელოვნებაში ყველაზე რთული და ყველაზე ლამაზი უბრალოება და სიკეთეა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი