რუსეთმა დაკარგა ფიგურული სრიალის გუნდური ოლიმპიური ოქროს მედალი

30 იანვარს საერთაშორისო საციგურაო კავშირმა (ISU) გამოაქვეყნა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრის ახლად დაჯამებული ქულები, რომლის მიხედვით, „ოლიმპიურ სპორტსმენებს დან” ოქროს მედლის ნაცვლად ერგებათ ბრინჯაოს მედალი.
ოქროს მედალი გადაეცემა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვერცხლი კი – იაპონიას. ეს შედეგი განპირობებულია კამილა ვალიევას მოკლე და თავისუფალი პროგრამის ქულების გაუქმებით.
კამილა ვალიევას დოპინგის ტესტის პასუხის გაგების შემდეგ, რომელიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრის შემდეგ გახდა ცნობილი, ოლიმპიურმა კომიტეტმა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გადადო გუნდური შეჯიბრის დაჯილდოების ცერემონია.
29 იანვარს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მოციგურავე კამილა ვალიევა დოპინგის გამო დაისაჯა 4 – წლიანი დისკვალიფიკაციით (თარიღი აითვლება 2021 წლის 25 დეკემბრიდან) და გაუუქმდა ყველა ოფიციალური შეჯიბრის შედეგი, რომელშიც მიიღო მონაწილეობა 2021 წლის 25 დეკემბრის შემდეგ, რაც გულისხმობს ამ პერიოდში მიღებული ჯილდოების, მედლების, ტიტულებისა და საპრიზო თანხების ჩამორთმევას.
სწორედ ამ სიაში იყო 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრის (მოკლე და თავისუფალი პროგრამის) შედეგი, რომლის გაუქმებით „ოლიმპიურმა სპორტსმენებმა რუსეთიდან” პირველიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლეს.
ვალიევას ასევე გაუუქმდა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც, 2022 წლის ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატის მედლები კი ასე გადანაწილდა: 1. ანნა შერბაკოვა; 2. ალექსანდრა ტრუსოვა; 3. ლოენა ჰენდრიქსი.
მოციგურავეს გაუუქმდა ოლიმპიადაზე ერთეულებში მოპოვებული მეოთხე ადგილიც.
გაიგეთ მეტი:
· რუსი მოციგურავე დოპინგის გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ასევე დაგაინტერესებთ