ისრაელური მედიის ინფორმაციით, დღეს ღამით ისრაელის არმიამ ირანის რეჟიმის უზენაესი საბჭოს მდივანზე, ალი ლარიჯანზე იერიში მიიტანა.
გამოცემა Times of Israel-ის მიხედვით, ისრაელელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, დაშავდა თუ დაიჭრა ლარიჯანი იერიშის შედეგად. ლარიჯანზე თავდასხმის შესახებ აცნობეს Jerusalem Post-საც.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა დღეს დილით თქვა, რომ “ღამის განმავლობაში ლიკვიდაციის მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევები შეინიშნებოდა, რასაც აქვს პოტენციალი, რომ გავლენა მოახდინოს კამპანიის მიღწევებსა და IDF-ის მისიაზე”. Times of Israel-ის ცნობით, ზამირმა აღნიშნული განცხადება ლარიჯანზე იერიშთან დაკავშირებით გააკეთა.
ცნობისთვის, ალი ლარიჯანი ის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც 10 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა, მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად 28 თებერვალს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და რეჟიმის სხვა მოწინავე მაღალჩინოსნები დახოცეს.
ირანის მოწინავე მაღალჩინოსანი ტრამპს სიკვდილით ემუქრება
პარალელურად, წყაროების მიხედვით, ირანში ისრაელის კიდევ ერთი საჰაერო იერიშის სამიზნე ღაზის სექტორში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის, ისლამური ჯიჰადის ლიდერი, აკრამ ალ-აჯური და დაჯგუფების სხვა მაღალჩინოსნები იყვნენ.



