ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ ირანში იერიშის შედეგად მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი.
IDF-ის განცხადებით, თეირანში სოლეიმანზე, რომელიც თანამდებობას ექვსი წელი იკავებდა, ზუსტი იერიშის მიტანა სამხედრო დაზვერვის ზუსტი ინფორმაციის წყალობით გახდა შესაძლებელი.
“ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი არიან. ირანში შიდა საპროტესტო აქციებისას და, კონკრეტულად, ბოლო პერიოდში მათი ესკალაციის დროს ბასიჯის ძალები, სოლეიმანის მეთაურობის ქვეშ, უძღვებოდნენ მთავარ დარბევით ოპერაციებს, მათ შორის, სასტიკ ძალადობას, მასშტაბურ დაკავებებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.” – წერს ისრაელის არმია.
ამავდროულად, ისრაელური მედია წერს, რომ დღეს ღამით ისრაელის არმიამ იერიში ირანის უზენაესი საბჭოს მდივანზე, ალი ლარიჯანზეც მიიტანა.
ისრაელის მედია: არმიამ ალი ლარიჯანზე იერიში მიიტანა, მისი ბედი ჯერჯერობით უცნობია
გამოცემა Times of Israel-ის მიხედვით, ისრაელელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, დაშავდა თუ დაიჭრა ლარიჯანი იერიშის შედეგად. ლარიჯანზე თავდასხმის შესახებ აცნობეს Jerusalem Post-საც.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა დღეს დილით თქვა, რომ “ღამის განმავლობაში ლიკვიდაციის მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევები შეინიშნებოდა, რასაც აქვს პოტენციალი, რომ გავლენა მოახდინოს კამპანიის მიღწევებსა და IDF-ის მისიაზე”. Times of Israel-ის ცნობით, ზამირმა აღნიშნული განცხადება ლარიჯანზე იერიშთან დაკავშირებით გააკეთა.



