ხელისუფლებებს რაც უფრო დიდხანს აქვთ ძალაუფლება, მით უფრო უძლიერდებათ კორუფციისკენ მიდრეკილება – გიგა ბედინეიშვილი კორუფციის ინდექსის გაუარესებაზე

„ხელისუფლებებს რაც უფრო დიდხანს აქვთ ძალაუფლება, მით უფრო უძლიერდებათ კორუფციისკენ მიდრეკილება. „ქართული ოცნება“ უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია და მისი მართვის სტილია ისეთი, რომ მის წევრებს კორუფციული მიზნები ყოველთვის ექნებათ. თავად მართვის სისტემაა კორუფციული და დროთა განმავლობაში, მდგომარეობის გაუარესება არ არის გასაკვირი. ეს არის იმ მართვის სისტემის გამოვლინება, რომელიც ივანიშვილმა დაამყარა“, – ასე აფასებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს მაჩვენებლის 3 ქულით გაუარესებას.
მისი თქმით, პირადად სთვის კორუფციის ზრდა დამაზიანებელია, თუმცა მისი მმართველობის სტილი, სწორედ ასეთი გარემოს შექმნას განაპირობებს, რაც ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია.
„მესმის, რომ პირადად ივანიშვილისთვის არ არის კარგი კორუფციის გაძლიერება. მას ეს არ სჭირდება, რადგან ძალაუფლების დაკარგვის რისკი ექმნება, თუმცა ვხედავთ რომ სადავეები გაექცა ხელიდან, როცა მთავრობა კორუმპირებული გახდა.
რა თქმა უნდა, ეს სისტემა ქვეყანას ნამდვილად არ ხდის მიმზიდველს ბიზნესის და საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. თუ ინვესტორს სურს საქართველოში ფულის ჩადება, მან იცის, რომ ქვეყანაში არის ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, მაგალითად პრემიერ-მინისტრის მოხსნა-დანიშვნის შესახებ და არ არის დემოკრატიულობის პრინციპი. შესაბამისად, მას არ აწყობს ისეთ ქვეყანაში ინვესტირება, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.
როგორც მან განმარტა, ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობა არასდროს იქნება საკმარისი კორუფციული რისკების აღმოსაფხვრელად. მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა, მთავრობის ეკონომიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობაა. შესაბამისად, ბიზნესსა და მთავრობას შორის კავშირი თუ არ შემცირდება, ყველა სხვა მეთოდი კორუფციასთან ბრძოლისთვის, უშედეგო იქნება.
„მე არ ვარ იმის მიმდევარი, რომ კიდევ ერთი სააგენტო უნდა შევქმნათ კორუფციასთან ბრძოლისთვის. კორუფციის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა არის კორუფცია მთავრობასა და ბიზნესს შორის. ყველაზე დიდ ტვირთად ხალხს აწევს სწორედ სამთავრობო კონტრაქტებზე, ტენდერებზე მიმდინარე გაუმჭვირვალე პროცესები და ისეთი გადაწყვეტილებები, რომელზეც გავლენა აქვს მთავრობას. რა უფრო ნაკლებ ასეთ გადაწყვეტილებაზე ექნება მთავრობას გავლენა, მით უფრო დაბალი იქნება კორუფცია.
ბიზნესსა და მთავრობას შორის შეხების წერტილები მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, თუ გვინდა, რომ კორუფციის რისკები რეალურად დაეცეს. მთავრობის ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა რისკის შემცველია კორუფციული თვალსაზრისით, ამიტომ სახელმწიფო კომპანიები და მათი საქმიანობები, როგორიცაა მაგალითად „საპარტნიორო ფონდი“, მიდრეკილია კორუფციისკენ, ასევე თბილისის მერია, რომელიც ბევრ ეკონომიკურ პროცესში მონაწილეობს დედაქალაქში. შესაბამისად, კორუფციის ყველაზე ეფექტიანი გზა მთავრობის ეკონომიკური პროცესებიდან მაქსიმალური გამოყვანა იქნება. სხვა ყველა გზა განწირულია მარცხისთვის“, – აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.