კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის განცხადებით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისი თქმით, კლინიკაში შეკრებილი იყო ექიმების კონსილიუმი, რომელთა შეფასებითაც “ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური”.
“პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები, ფაქტობრივად, ყველა შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში. რა თქმა უნდა, პაციენტს უტარდება ყოველ საათობრივად ანალიზი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებულ პაციენტებს, ზოგადად, გაცილებით ინტენსიურად უტარდებათ ანალიზები. მაჩვენებლები კვლავ საკმაოდ საყურადღებოა” – განაცხადა ასპანიძემ.
შეკითხვაზე იგეგმება თუ არა უცხოელი ექიმების ჩამოყვანა, ასპანიძის თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო იღებს, თუმცა ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის
“ჩვენ ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის და აბსოლუტურად ყველანაირი კოოპერაციისთვის” – თქვა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კათალიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყავნეს. კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციაში იმყოფება.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 17 მარტს დილით განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პატრიარქის მდგომარეობა “პრობლემურია, თუმცა, სტაბილური”.
კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფო ასპანიძემ განაცხადა, რომ ილია მეორე ინტუბირებულია, იმყოფება ხელოვნური ძილის მდგომარეობაში, “რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს”.
სარჯველაძე პატრიარქზე: ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე



