VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო “პირველად”…

“დილამ” ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ამასთან, ეს გორელთა პირველი ქულები იყო წლევანდელ სეზონში. გოლიც პირველი გაიტანა და ეს გოლი პირველი იყო ლაშა მენთეშაშვილისთვის ახალი გუნდის მაისურით. საინტერესოა, რომ პირველი საგოლე პასი შეასრულა კიდევ ერთმა ახალწვეულმა გიორგი ჯალაღონიამ.
ვერც “დილამ” და ვერც “ტორპედომ” ვერ ითამაშეს ის ფეხბურთი, რომელიც ცოტათი მაინც ახლოს იქნებოდა ამ გუნდების სტატუსთან. არ დაგვავიწყდეს, რომ “დილა” ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია, “ტორპედო” კი – ბრინჯაოს პრიზიორი.
დღევანდელი მათი სატურნირო მდგომარეობაც სრულ შესაბამისობაშია თამაშის ხარისხთან. უბრალოდ, გორელებს გაუმართლათ რომ დასაწყისშივე გაიტანეს გოლი და ამან განსაზღვრა თამაშის შემდგომი სცენარი. რომ არა ეს გოლი, გავბედავთ და ვიტყვით – თამაში უგოლოდ მორჩებოდა.
ამრიგად, “დილას” და “ტორპედოს” 3-3 ქულა აქვთ. შესაბამისად, ისინი ცხრილში ბოლოსწინა და ბოლო ადგილებს იკავებენ. მომდევნო, მე-5 ტურში “დილა” თბილისის “დინამოს” ესტუმრება (21 მარტი), ქუთაისელებს კი შინ იმერული დერბი აქვთ “მეშახტესთან” (21 მარტი).
დილა-ტორპედო  1:0
გოლი: 1:0 მენთეშაშვილი (4, ჯალაღონიას პასით)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, არაუჟო, ეტუ, ტიბუე, ოლატუნჯი, ტალი, მენთეშაშვილი (მალი 55), კანტე (ფულერი 28, ანოფი 71), ჯალაღონია (ფარულავა 55), მუსელიანი.
ტორპედო: კლიაიჩი, ბუკია, მანე (არაბიძე 46), შიმიჩი, ნადარაია (ზიტა 71), ითრაქი (დეისაძე 89), პირესი, ვარლეი, მამუჩაშვილი, ბასილაძე, ანდრიჩი.
84-ე წუთზე მუსელიანმა ვერ გამოიყენა პენალტი
გაძევება: ზიტა (86)
არბიტრი: ა. ფარჯიკია