აღმოჩენილია ჩინოვნიკების ოჯახების რუსული ნავთობის ბიზნესი – “შაბათის ეთერის” გამოძიება (ვიდეო)

კომპანია “ზობ ტრეიდი” “შაბათის ეთერის” ინტერესის საგანი, მას შემდეგ გახდა, რაც საქსტატის ოფიციალურ წერილში გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ საქართველოში 2021 წელს დაფუძნებული კომპანია, რუსეთიდან ნავთობის ერთი-ერთი იმპორტიორია.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი განმარტავს, რომ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველი, ბოლო ოფიციალური მონაცემები გახდა. სახელმწიფო მთვლელი ამტკიცებს, რომ საქართველოდან ნავთობის ექსპორტი 2026 წლის იანვარში 401 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის მიერ “შაბათის ეთერისთვის” გამოგზავნილ ნავთობის შემომტანების სიაში ​ბენზინ გასამრთი სადგურების ქსელების მფლობელები ან მათთან დაკაშირებული კომპანიები არიან. სიაშია “ზობ ტრეიდიც”.  კომპანია “ზობ ტერიდის” 50% წილს პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამა, ბეჟან ბეჟუაშვილის ფლობს. ნავთობ პროდუქტების ბიზნესის 16% წილი ზაურ ელიზბარაშვილს ეკუთვნის. ის შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის სიმამრია.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, დოკუმენტებით დგინდება, რომ გახმაურებული საქმეების პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრების ოჯახები შემოსავალს რუსული ნავთობის ბიზნესიდან იღებენ.

საიარის მონაცემთა ბაზის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრის სიმამრის  და პროკურორის მამის კომპანიამ 2025 წლის მაისის ჩათვლით ნავთობის 60 პროცენტი,  რუსეთის სამრეწველო რკინიგზის ტრანსპორტის საწარმოსგან, 40 პროცენტი კი “რუსინვესტისგან” იყიდა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ცნობით, ამ კომპანიებიდან ერთის საბოლოო კვალი კი რუსეთის სახელმწიფო ენერგო გიგანტამდე,  “გაზპრომამდე” მიდის.

უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო დოკუმენტებით დგინდება, რომ ერთ-ერთი კომპანია, რუსეთის სამრეწველო რკინიგზის ტრანსპორტის საწარმო პირდაპირ უკავშირდება რუსულ სანქცირებულ “გაზპრომს”. ამ კომოანიის 100%-იან წილს გაზპრომის შვილობილი,  “გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი” ფლობს.