პროკურორი ასახელებს წინაპირობებს ხასაიასა და ჩიქობავასთვის პატიმრობის შესაცვლელად

პროკურორი როინ ხინთიბაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე მზად არის კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვოს, რამდენიმე წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში. პროკურორს “რუსთავი 2” ესაუბრა.
“გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე”, – ამბობს პროკურორი როინ ხინთიბაძე.
რადიო თავისუფლებამ დაკავებულების ადვოკატთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოახერხა. პასუხის მოძიების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
· კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის;
· გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
პოლიციამ მოძრაობა “ხმის” თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით 23 იანვარს დააკავა, თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს – “ხმა” არის ის ორგანიზაცია, რომელმაც კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების ხელშესაშლელად აქცია მოაწყო. ორივე მათგანს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას.
პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.
დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.