ტელეწამყვანისა და ინფლუენსერის, სალომე გოგიაშვილის ინტერვიუ თემურ ებიტაშვილის პოდკასტში საკმაოდ ემოციური და გულწრფელი აღმოჩნდა. საუბრის მთავარი თემა გარდა მის პირად ცხოვრებაში ბოლო დროს დატრიალებულ ქარიშხალს ეხებოდა, არამედ სოციალურ ქსელებში მის მიმართ არსებულ აგრესიასა და ბულინგს, რაც ხშირად მის პოლიტიკურ სიმპათიებს უკავშირდება.
სალომე ღიად საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც იგი მმართველი გუნდისა და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის ერთგული რჩება. ინტერვიუს ამ მონაკვეთში ის იხსენებს ცხოვრების უმძიმეს პერიოდს, როდესაც მარტო დარჩენილს, შვილებთან ერთად, სახლის დაკარგვისა და ქუჩაში დარჩენის საფრთხე ემუქრებოდა.
– ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე შენს პოსტებს სოციალურ ქსელებში და არაერთხელ შეგიგრძნია ბულინგის წნეხი. რას ფიქრობ, მმართველი პარტიის, მმართველი ძალის მხარდამჭერი რომ არ იყო, ბულინგის რაოდენობა ნაკლები იქნებოდა?
– კი, კი, ან შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ აი, აქაც ვეჯახებით რას, იცი? ერთგულებას. არ მომბეზრდება ამაზე საუბარი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის ერთგულება. ძალიან მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი და მადლობა, რომ ეს კითხვა დამისვი, იმიტომ რომ სულ ვლაპარაკობ ან ჩაქუჩზე და ან ჩემ გაშორებაზე, ძალიან დავიღალე უკვე.
ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ჩემს ოჯახს აკავშირებს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა. ჯერ არავინ არ იცოდა ბატონი ბიძინა, როდესაც ჩემი ოჯახი მის ოჯახთან მეგობრობდა. შემდეგ, სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ მე დამჭირდა დახმარება. ადამიანი გვერდში რომ დაგიდგება, იმ ადამიანის, მე ასე ვთვლი, მადლიერი უნდა იყო. მე პარტიის გულშემატკივარი კი არ ვარ, ამ კაცის გულშემატკივარი ვარ – კაცის, რომელმაც ცხოვრება გადამირჩინა, კაცის, რომელმაც ჩემი შვილები გადაარჩინა.
ბანკში, რომელშიც იყო იმ მომენტში იყო ჩემი სესხი, რომელიც მაკარგვინებდა სახლს, ყველაფერს აბსოლუტურად, ცხოვრების აზრს მაკარგვინებდა, იმ ბანკის უფროსი მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარი იყო. მე მასაც ვთხოვე, ის კი არ მითხოვია, რომ ვალი მომიხსენი-თქო. მე უბრალოდ ვთხოვე, რომ 20 წელზე გადაენაწილებინა, რაც ძალიან მარტივია. დღეს სესხი რომ კეთდება 20 წელზე, ჩვეულებრივად აკეთებენ, ანუ ეს აპრობირებული თემა იყო.
ამ კაცთან მე თვითონ ძალიან მომერიდა მისვლა და ამიტომ მამაჩემის ერთ-ერთი მეგობარი მივიდა და სთხოვა. უთხრა, ძალიან ცუდ დღეში არიან, ოჯახი გარეთ რჩება და იქნებ 20 წელზე გადავანაწილოთ იგივე სესხი, რაც შენ ბანკში დევსო. ვერ ვიზამ მაგასო. უარი თქვა. მერე კიდევ მივედი მამაჩემის სხვა მეგობართან და ვთხოვე, რომ იქნებ რამენაირად, აი, რაღაცნაირად სხვა საკრედიტო რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ არ გამოვიდა. მარტო ვიყავი, პატარა გოგო, დედა და ბავშვები და კიდევ ვამბობ, რომ მე კაცი გვერდით მაშინ არავინ არ მყოლია, ვინც რაღაცნაირად დამაკვალიანებდა.
იცი, რამდენ ადამიანს ვთხოვე დახმარება? ოღონდ სწორედ გამიგეთ, ჩემთვის ეს იყო სიკვდილი. იქამდე დახმარება არასდროს არ მითხოვია, რომ ფული მომეცი, რომ ვალი გავისტუმრო-თქო. სხვადასხვა ხერხებს ვეძებდი, რომ იქნებ რამენაირად ეს სესხი, რომლის გამოც ვკარგავდი სახლს, რაღაცნაირად გადამეთამაშებინა ისე, რომ შემძლებოდა ამის გადახდა. არავინ, საერთოდ არავინ არ გამოჩნდა.

ერთადერთი იყო შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, რომელთანაც მივედით და ის კი არ ვთხოვე, რომ ვალი მომიხსენი-თქო, იგივე პრინციპით – რომ იქნებ რამენაირად შევძლოთ ერთი ბანკიდან მეორე ბანკში გადატანა და გრძელვადიანი სესხის გაკეთება, რომ გადამეხადა. იმიტომ რომ მაშინ ვმუშაობდი ალბათ 50 სამსახურში. არ ვიცი როდის მეძინა და რაღაცას ვაგროვებდი და შევძლებდი, რომ გადამეხადა.
ამ სიტუაციაში, როცა ადამიანი აბსოლუტურად არ იყო ვალდებული, რომ გაეკეთებინა ჩემთვის რამე – არავინ არ არის ზოგადად არავის წინაშე ვალდებული, მითუმეტეს: „როცა შენ თვითონ ვერ გათვალე რაღაც სწორად, არასწორ ადამიანს გაჰყევი, აი, ეს დაგემართა და ახლა შენ თვითონ გადაიხადე ის, რის გამოც შენი ოჯახი ახლა ამ მდგომარეობაში ჩააგდე?“ – აი, ეს პასუხიც რომ გაეცა, თავს დავხრიდი და მივიღებდი.
აი, არასდროს არ დამავიწყდება, რომ დამირეკა და მითხრა, ბავშვობაში კოშმარი თუ გესიზმრებოდაო. ვერ მივხვდი, რა შუაში იყო ახლა კოშმარი. ვუთხარი – კი-მეთქი. ვინ გესიზმრებოდაო და, აი, ვიღაცა ქალი-მეთქი, მართლა იყო ასე, რომ მესიზმრებოდა, რომ ვიღაცა ქალი მოდიოდა სულ. ჰოდა, ჩათვალეო, რომ ეს კოშმარი დღეს დამთავრდა შენ ცხოვრებაში და ახლა იცხოვრეო მშვიდად.
აი, ამის მერე გეკითხებით, მე პლაკატით რუსთაველზე მიშას გაუმარჯოს როგორ უნდა ვიდგე? – მიშა კი არა, სულ რომ გაგიჟდეს და გადაირიოს, მაინც სულ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. თუ ამას ადამიანი ვერ იღებს, ჩემი მის გვერდში დგომას, და ამას აკავშირებს პოლიტიკასთან… სულ ფეხზე მკიდია პოლიტიკა, საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვერევი პოლიტიკაში. ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაც კარგი იქნება, მე იქ ვიდგები. ვიცი, რომ ქოცი იქნება თუ ნაცი იქნება – არასწორი ადამიანი ერთნაირად უნდა დაისაჯოს. თქვენ გგონიათ, ახლა ყველა მომწონს აქეთ ვინც არის? არ მომწონს ყველა და ამას ღიად ვლაპარაკობ.

მქონია ისეთი კონფლიქტური სიტუაცია ერთ-ერთთან, ვისაც აღარ დავასახელებ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ისჯება ახლა ზემოდან, კიდე დამატება აღარ არის საჭირო. დიახ, მქონია და მას დღემდე არ ველაპარაკები. მე ჩემი აზრი მაქვს და ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ ჩემ აზრს. მე არა ვარ ისე ფანატიზმში რომ ვარდებიან, იმიტომ რომ აქეთ არის, აუცილებლად კარგი უნდა იყოს – არ არის ეგ სწორი. ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს აქეთა მხარეს, ძალიან ბევრი. პიარი აქვთ ნულზე. მე რომ ვიცი რა კეთდება, შენ რატომ არ იცი, იმიტომ რომ არ აწვდიან ხალხს ინფორმაციას. მეცენატობა ხომ არ არის პოლიტიკა, რომ რაღაც არ აკეთო და არ ილაპარაკო.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მე “ქართული ოცნების” ქომაგი კი არ ვარ, მე ვარ მისი ლიდერის ქომაგი. მე ბატონი ბიძინას მადლიერი ვიქნები სანამ სული მიდგას. მან გადაარჩინა ჩემი ცხოვრება, ჩემი შვილები და პირადად მე. თუ არასწორად მოიქცევიან მისი თანაგუნდელები და თანაპარტიელები, ეს არაფერ შუაში არ არის ჩვენს ურთიერთობასთან”.




