“ნაწილი იქნება მყიდველებიდან ამოღებული თანხები” – რისგან შედგება Eagle Hills-ის $6.6 მილიარდიანი ინვესტიცია?

ირაკლი ამბობს, რომ Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში გონიოსა და კრწანისში მშენებლობას მოხმარდება 6,6 მლრდ დოლარი, საიდანაც ნაწილი იქნება მყიდველებიდან, მათ შორის ქართველი მყიდველებიდან ამოღებული თანხები. მან პროექტის შესახებ „იმედის“ ეთერში დებატებისას ისაუბრა.

„რაც შეეხება Eagle Hills-ის პროექტს, საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი. საუბარია იმაზე, რომ მთლიანობაში ამ ორი სივრცის მშენებლობას გონიოში და კრწანისში მოხმარდება 6,6 მლრდ დოლარი. აქედან ნაწილი იქნება მყიდველებიდან, მათ შორის ქართველი მყიდველებიდან ამოღებული თანხები. რაც შეეხება 16 000-ს ეს არის მარტო ბინები და სახლები, რომლებიც გაიყიდება. როგორიც არის დუბაი, თავისი საცხოვრებელი კორპუსებით, სასტუმროებით, ტურისტული, რეკრეაციული და კომერციული სივრცეებით, ანალოგიური ტიპის სივრცეების განაშენიანებაზეა საუბარი. შესაბამისად, დანახარჯებში ამ სახლების და ბინების წილი არის მხოლოდ განსაზღვრული. საუბარია სასტუმროების მშენებლობაზე. ერთი ნომრის ინვესტიცია იწყება 500 000 დოლარიდან. მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარი სჭირდება სათანადო სტანდარტების სასტუმროს, ერთ ნომერზე. შესაბამისად, აქ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება მარტო სასტუმროების ნაწილში. ამას ემატება საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეები. რაც შეეხება გონიოს ე.წ. „მარინას“ მარტო ამის განვითარებას სჭირდება ასეულობით მილიონი ლარი. ჩვენ ამ სივრცის მოწესრიგებაზე, კრწანისის პარკის რეაბილიტაციაზე რომ გვეზრუნა, მხოლოდ ამას სჭირდებოდა 150 მილიონი ლარი. ამ 6,6 მილიარდ დოლარს ქმნის ამ კომპონენტების ერთობლიობა. განაშენიანებაში იგულისხმება სახლები, ბინები, სასტუმროები, საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული, კომერციული სივრცეები. რაც შეეხება ეფექტს, მარტო მშენებლობის პროცესში 24 000-ზე მეტი იქნება დროებითი სამუშაო ადგილი, 8 000-ზე მეტი იქნება უკვე მუდმივი სამუშაო ადგილი. ეკონომიკაში ამ პროექტის შედეგად შემოვა 11 მილიარდი ლარი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. დღეს ჩვენი ეკონომიკა არის 104 მილიარდი ლარი და წარმოიდგინეთ, ერთი ინვესტიცია შეგვმატებს 11 მილიარდ ლარს. რაც შეეხება ბიუჯეტში შენატანებს, წლიურად, გადასახადების სახით შემოვა 500 მლნ ლარი და ამას დაემატება 200 მილიონი ლარი, რაც არის ჩვენი დივიდენდი. ჩვენ გვეკუთვნის მესამედი მოგებიდან, შესაბამისად, 200 მილიონი არის ყოველწლიური წილი, რაც ათ წელიწადზეა გადანაწილებული. თუ უფრო მალე მოხდება ამ ყველაფრის დასრულება, უფრო მალე შემოვა ეს ყველაფერი, მაგრამ ჯამში, საუბარია 10 წელზე გადანაწილებულ 700 მლნ ლარზე. შესაბამისად, ბიუჯეტში შემოვა 7 მილიარდი ლარი ამ პროექტის განხორციელების შედეგად წლების განმავლობაში.

შედეგად, იქნება უმაღლესი სტანდარტების სივრცეები, რაც აკლია ჩვენს ქვეყანას. გამწვანების მასშტაბები გაიზრდება, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. დუბაი ამის ძალიან კარგი მაგალითია. როდესაც იქმნება უმაღლესი სტანდარტების სივრცეები, არა მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა იზრდება ქვეყანაში, თვითონ ხარჯვის მოცულობაც იზრდება.

ბევრ დეველოპერთან მისაუბრია და ყველა ბედნიერია ამ ინვესტიციის შემოსვლით, ეს იწვევს ძალიან დიდ დაინტერესებას ქვეყნის მიმართ და სხვა ინვესტორებსაც შეუქმნის სტიმულს, რომ შემოვიდნენ საქართველოში. მე არც ერთი დეველოპერი არ ვიცი, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ Eagle Hills-ი შემოდის საქართველოში, პირიქით, საკუთარ შანსს ხედავენ ამ ინვესტიციაში, რომ მათი გაყიდვებიც დამატებით წახალისდება“, – განაცხადა პრემიერმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი ეუთოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე – მათ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, რა მდგომარეობაა სამოქალაქო სექტორში

ალექს ჩიღვინაძე: შენს ქალაქში, ოჯახთან ერთად ბრუნდები სახლში. არასოდეს ჩაგიდენია დანაშაული, არც აპირებ. უბრალოდ ამბობ, რასაც ფიქრობ. მშვიდად, ჯიუტად აფიქსირებ შენს აზრს და ამის გამო, გხვდებიან და გაპატიმრებენ